ახალი ამბები

თხმელის ხე არ არის მოჭრილი, გადაბელილია – ხაშურის მერია

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზე წაქცეული ხე ჩანს. ფოტოს ავტორი მიშა გრძელიშვილმა წერს, რომ ასწლოვანი ხე მოჭრილია. 

“უბანში ყველაზე ასაკოვან ადამიანსაც არ ახსოვს, როდისაა დარგული ეგ თხმელა. უყურებდი და ბავშობაში მაბრუნებდა, მარტო ხის დატვირთვა კი არ ქონდა, მთელი ისტორიაა ეს ხე”, – დაწერა მიშა გრძელიშვილმა. 

ფოტოს გამოქვეყნებას ხაშურელების პროტესტი მოჰყვა. 

“ტროტუარი მოაწესრიგეს და ჟანგბადის მომცემი ხე მოძირკვეს”, – ამბობს ელენე აბრამაშვილი.

“ჯამრთელი ხე იყო აშკარად. რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდა აზრად ამის გაკეთება?ამაზე კარგი რა უნდა გააკეთონ? დაავადებული რომ ყოფილიყო, უნდა გვემკურნალა, მოგვევლო”, – წერს საბა სურამელი.

მოქალაქეთა პროტესტის პასუხად, ხაშურის მერიაში ამტკიცებენ, რომ ხე კი არ მოჭრეს, გადაბელეს. 

“ხე არ მოუჭრით, გადაბელეს. 5 მეტრია დატოვებული, როგორც წესია და ამოიყრის ისევ ტოტებს. გამხმარი იყო ზედა ნაწილი, ცვიოდა ტოტები”, – გვითხრა ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო სუხიაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები