ავტორი: ეკატერინე ყაზარაშვილი , მუსიკოს-შემსრულებელი, მუსიკოლოგი
მუსიკა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი და თანმდევი ნაწილია. ადამიანი უხსოვარი დროიდან მუსიკის თანხლებით მუშაობდა და ორგანიზებას უკეთებდა ყველა ცხოვრებისეულ მოვლენას – შრომა, მგზავრობა, ომში წასვლა, ლოცვა, დღესასწაულების აღნიშვნა.
მუსიკა ახლდა ადამიანის დაბადებას თუ გარდაცვალებას, ამას მოწმობს მსოფლიო თუ ქართული ფოლკლორი. ადამიანის ცხოვრებაში მუსიკა დედის მეშვეობით ჩასახვისთანავე შემოდის. მთელს მსოფლიოში დღესაც ცოცხალი და გავრცელებულია ბავშვის დასაძინებელი სიმღერა – იავნანა.
დღემდე ვერ მოიძებნა ბავშვის დასაძინებლად უფრო უკეთესი და მარტივი გზა, ვიდრე დედის მიერ ნამღერი ნანაა. ამდენად, ბავშვი ჯერ დედისგან ეცნობა მუსიკას და შემდეგ მის გარშემო არსებული სამყარო სთავაზობს მას ამ ჯადოსნურ სამყაროში შესვლის სხვადასხვა გზას.
ყველას შეუძლია სიმღერა
სიმღერის უნარი ყველა ადამიანში იმთავითვეა ჩადებული. დღემდე გადაუჭრელი საკითხია სიმღერა უფრო ადრე გაჩნდა ადამიანის ცხოვრებაში თუ სიტყვა?! ცხოველები და ფრინველები გარკვეული ინტონაციებით და შეძახილებით ამყარებენ კავშირს.
მუსიკალური ნიჭი, ისევე როგორც ყველა სხვა ტიპის ნიჭი, ადამიანებს ერთმანეთისგან განასხვავებს. ზოგი დიდი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვდა, ზოგი – ნაკლები.
მაგრამ ადამიანი თუ მოინდომებს და იშრომებს ამ ნიჭის განსავითარებლად, აუცილებლად მიაღწევს უკეთეს შედეგს და განვითარების ეს პროცესი მას ნამდვილად მიანიჭებს დიდ სიხარულს. პროფესიონალი მუსიკოსის ან კარგი მსმენელის საერთო ჯილდო მუსიკისგან ხომ სიხარულის და აღმაფრენის განცდაა. მთავარი კი ეს არის.
რა არის მუსიკალური სმენა და როგორ ვლინდება ადამიანში
მუსიკალური სმენა არის ფიზიკური მოვლენა და რაიმე ფიზიოლოგიური ჩამორჩენის გარდა, როგორიც არის სმენის დაკარგვა, ყველას აქვს. ეს კი ვლინდება შემდეგნაირად: ადამიანი ზუსტად იმეორებს მელოდიურ ხაზში არსებულ ბგერებს და ასევე იცავს მათ შორის არსებულ რიტმულ სურათს. ანსხვავებს მოსმენილ მელოდიას ხასიათის მიხედვით, მაგალითად მხიარულია (მაჟორულია) თუ სევდიანი (მინორული), ერთი საკრავის ხმა ისმის თუ რამდენიმე ერთად.
როგორ ვასწავლოთ ბავშვებს სიმღერა
ბავშვები 6-7 წლამდე ყველაფერს მიბაძვით და თამაშით სწავლობენ, იმეორებენ მათი თანატოლების თუ უფროსის ქმედებებს. ბავშვები ხშირად მოსმენილს მყისიერად იმეორებენ და შემდეგ ავლენენ ამ ცოდნას. ამდენად უმნიშნელოვანესია, რომ პატარა ასაკიდან ბავშვი მიეჩვიოს გემოვნებიანი მუსიკის მოსმენას, გაიცნოს სხვადასხვა ჟანრი, მოისმინოს მშობლებთან ერთად.
აუცილებელია, ვიზრუნოთ იმაზეც, რომ ნებისმიერი მუსიკალური ნაწარმოები მოვასმენინოთ საშუალო სიხშირის ხმაზე და არ იყოს ხმამაღალი. ალბათ ყველას გაგვახსენდება ბავშვები, რომლებიც ხმამაღლა ჩართულ მუსიკაზე პროტესტს ყურებზე ხელის მოჭერით გამოხატავენ. ბავშვების ყურის აპარატი ბევრად მგრძნობიარეა და უფროსებისგან განსხვავებით, ისინი აღიქვამენ უმნიშვნელო ტალღებსაც კი. ამიტომ, მნიშვნელოვანია დავიცვათ ყურის აპარატის ჰიგიენა.
ცნობილია, რომ ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები – დადებითიც და უარყოფითიც, მთელი ცხოვრება მიჰყვება ადამიანს. ყველა ადამიანს აქვს თავისი სიმღერა, რომელსაც ზოგი ფართო საზოგადოებას უზიარებს, ზოგი კი გულში სიმღერას ამჯობინებს. მთავარია არასდროს შევწყვიტოთ ჩვენი სიმღერა.