ბლოგები

ბიზნესის და ხელისუფლების “თანამშრომლობით” ქვეყანა ღარიბდება

ავტორი: თეა თედლიაშვილი, "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი

ერთმნიშვნელოვნად იმისი თქმა, რომ ხელისუფლების და ბიზნესის თანამშრომლობა ცუდია, არ შეიძლება, თუმცა თანამშრომლობას უნდა ჰქონდეს თანამშრომლობის სახე და ორიენტირებული უნდა იყოს ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლაზე. ბიზნესს უნდა ჰქონდეს ხელშეწყობა, რომ მთელი ქვეყანა მიბმული არ იყოს საბიუჯეტო სამსახურებზე, თუმცა აქ თანამშრომლობა უნდა შემოიფარგლოს კანონიერი და კონკურენტული გარემოს შექმნით – ისეთის, სადაც ყველა თანაბარ პირობებში იქნება.

სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ ხდება – ჩვენ რეალობაში, ხელისუფლება მხოლოდ მისთვის სასურველი ბიზნესების განვითარებას ცდილობს და სახელმწიფო რესურსებსაც მათ სასიკეთოდ იყენებს.

ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულების შედეგია ისიც, რომ მსხვილი ბიზნესის მფლობელების მიერ ხელისუფლებისთვის ფულის შეწირვა ტრადიციად იქცა

თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, არსებობას ძირითადად ის ბიზნესები განაგრძობენ, რომლებიც სათავეში მოსული ახალი ძალის შემომწირველები და მხარდამჭერები ხდებიან. ისიც ნათელია, რომ მსხვილი ბიზნესის მფლობელების მიერ ხელისუფლებისთვის ფულის შეწირვა ტრადიციად იქცა.

რიგ შემთხვევაში თანხების შეწირვას სახელისუფლებო პარტიები ითხოვენ, რიგ შემთხვევაში კი, დამკვიდრებული მანკიერი შეხედულებების გამო, ბიზნესის მფლობელებიც ფიქრობენ, რომ თანხის გაღებით საკუთარ ბიზნესს უკეთესად დაიცავენ და განავითარებენ. სახელისუფლებო ბერკეტები კარგად შეიძლება იყოს გამოყენებული ბიზნესის წინააღმდეგ, რაც ორივე მხარემ შესანიშნავად იცის.

ბიზნესი ირჩევს ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვას და თავის მხრივ, ხელისუფლება ცდილობს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს იმ ბიზნესებთან, რომლებიც მისი დაფინანსებისთვის მზად არის. ამ “კარგი ურთიერთობის” შენარჩუნებას კი, ხელისუფლება სხვადსხვა გზით ცდილობს:

  • დიდი ბიზნესები საარჩევნო შემოწირულობის გაღების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში იგებენ სახელმწიფო ტენდერებს – სახელმწიფო ტენდერების პირობები ხშირად პირდაპირაა მორგებული „სასურველ“ კომპანიებზე და სხვა მონაწილეების ტენდერის მოგების და სახელმწიფო ფულის მიღების შესაძლებლობას ართმევს.

  • ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესები არ ხდებიან სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი კონტროლის ობიექტები. გარდა ამისა, მათთვის გაცილებით მარტივია სხვადასხვა ნებართვების მიღება. ამის მაგალითია სამშენებლო ბიზნესი და ჩვენ გარშემო მიმდინარე ქაოსური მშენებლობები.

  • თვალში საცემია ბიზნესის მფლობელების დასახელება მაჟორიტარ კანდიდატებად, რაც ორივე მხარის ინტერესშია ხოლმე – ბიზნესმენი იღებს მეტ გავლენას და წვდომას სახელწმიფო რესურსებზე, მმართველი პარტია კი იძენს კანდიდატს, რომელზეც საარჩევნო კამპანიის დაფინანსება შეუძლია.

გორის ყოფილი მაჟორიტარმა საკუთარი კამპანია თავადვე დააფინანსა და ასე მოიპოვა საკუთარი ბიზნესის ლობირება და თავისი ბიზნესის გადარჩენის გარანტია. არჩევნებში გამარჯვებას ჭირდება ან დიდი თავგანწირვა ან დიდი ფული. ჩვენთან ჯერჯერობით, ფული იგებს არჩევნებს.

საბოლოოდ, შექმნილი მდგომარეობა პირდაპირი საფრთხეა ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის.

მსხვილ ბიზნესს ძირითადად ერთეული კომპანიები მართავენ, ხშირად ქვეკომპანიების სახითაც და სინამდვილეში მთელი კეთილდღეობა და სარგებელი სულ რამდენიმე ასეული ადამიანის ხელშია თავმოყრილი. მცირე ბიზნესი გავლენას არ ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ხოლო საშუალო ბიზნესი ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს, რასაც რეალურად მივყავართ სიღარიბემდე.

პრივილეგიების და სახელმწიფო რესურსების უსამართლოდ დანაწილება კი, იწვევს სიღარიბეს, რომლის პირობებშიც დემოკრატიული ღირებულებების და ინტიტუტების დაცვა დღითიდღე რთული გახდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები