კიდევ ერთი დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტი მეჯვრისხევში საჯარო სკოლის შენობაა, რომლის რეაბილიტაციაც გასულ წელს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა კომპანიას, რომელმაც სამუშაოების შესრულების ვალდებულება აიღო, რეაბილიტაციის პროცესი ამ დრომდე არ დაუსრულებია.
2021 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში რამდენჯერმე განხორციელებული ცვილებისა და სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივების მიუხედავად, სამუშაოები ჯერ ისევ დაუმთავრებელია.
მეჯვრისხეველები ამბობენ, რომ სამი თვეა კომპანიას დაქირავებული მუშებისთვის ხელფასი არ გადაუხდია, რის გამოც რამდენიმე დღეა სამუშაოები შეჩერებულია.
“უკვე რამოდენიმე დღეა, მუშებმა მიატოვეს, სამი თვეა ხელფასი არ მიუციათო. გახდება ეგეც დაუმთავრებელი საბავშვო ბაღივით”, – ამბობენ ადგილობრივები.
“მეჯვრისხეველები შეიძლება წამოვიდნენ ხელფასის დაგვიანების მიზეზით, მაგრამ თურქი და აზერბაიჯანელი მუშები მაინც მუშაობენ, ყოველ შემთხვევაში, სამუშაოები ჯერჯერობით გაჩერებული არ არის”, – გვითხრა ერთ-ერთმა მეჯვრისხეველმა.
“მოზაიკა” შეეცადა კომპანიასთან გაერკვია ინფორმაცია, მუშებისთვის ხელფასების დაგვიანების შესახებ, რამაც კომპანიის დირექტორი, იოსებ მახვილაძე გააღიზიანა. მისი მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია, რადგან შენობის რეაბილიტაციაზე ადგილობრივი არავინ ჰყავს დასაქმებული.
“ვის არ აუღია ხელფასი, რა სისულელეა, საიდან მოიტანეთ?! ეს არის ჭორი და სისულელე. რომელ მუშას არ აუღია ხელფასი, სახელი და გვარი დამისახელეთ. თურქი და აზერბაიჯანელი მუშები მყავს და რომელმა თქვა, რომ ხელფასი არ აუღია? მანდ ადგილობრივი აღარავინ მუშაობს, რადგან მუშაობა არ უნდათ. მე, თქვენთან არანაირი ვალდებულება არ მაქვს, რომ პასუხი გაგცეთ”, – გვითხრა იოსებ მახვილაძემ.
კონტრაქტორ კომპანიასთან, შპს “სქაიჰაისი” ხელშეკრულება დაიდო 2021 წლის 24 დეკემბერს, რომლის მიხედვითაც კომპანიას სამუაოები უნდა დაესრულებინა 12 თვეში, ანუ 2022 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.
მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან, ხელშეკრულებაში ცვილილება 5 -ჯერ განხორციელდა და ყველა ჯერზე კონრაქტორი კომპანიის თხოვნის საფუძველზე.
ცვლილება 1
სპორტდარბაზის რეაბილიტაციის პროცესში გამოვლინდა, რომ საძირკვლის სიმტკიცე იყო ძალიან დაბალი. ექსპერტიზამ კი დაადასტურა, რომ გამაგრებას არ ექვემდებარება, ამიტომ ხელშეკრულებაში მოხდა ცვილება, სპორტდარბაზის რეაბილიტაცია ხარჯთაღრიცხვიდან ამოიღეს და დაამატეს სკოლის სამ სართულიანი შენობის კედლების გამაგრება, რადგან ნალესის ჩამოხნის შემდეგ გამოვლინდა მონოლითური სვეტების ნაწილის სტრუქტურის დარღვევა.
ცვლილება 2
სამუშაოების მიწოდების ვადა გაიზარდა 90 დღით, საჯარიმო სანქციების გარეშე.
ცვლილება 3
პროექტის ღირებულებაში განხორციელდა ცვლილება.
ცვლილება 4
გაიზარდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 61 240 ლარით და შეადგინა 2 660 431 ლარი. თავდაპირველი ღირებულება იყო 2 429 998 ლარი.
ცვლილება 5
გადახურვის დროს გამოვლინდა ხარვეზი. კერძოდ, ღრუტანიანი ფილების ჩაღუნვა. ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ აღნიშნული ხარვეზი დასაშვებ ნორმაშია.
ბოლო ცვლილების თანახმად, დამკვეთმა კიდევ გაუგრძელა სამუშაოების დასრულების ვადა კომპანიას 98 დღით, საიდანაც 47 კალენდარული დღე გაუგრძელდება საჯარიმო სანქციების გარეშე, ხოლო 51 კალენდარულ დღეზე დაეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. აღნიშნული ცვილება 17 მაისს განხორციელდა.
ამავე ცვლილების თანახმად, კომპანიას დასრულების ვადად განესაზღვრა 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდი. საჭიროების შემთხვევაში, გაუგრძელდება ხელშეკრულების მოქმედების ვადაც, რომელიც ამ წლის აგვისტოში სრულდება.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ამ დროისთვის, კომპანიისთვის გადახდილი აქვს 1 758 010 ლარი, რაც სამუშაოების ღირებულების 66 %-ია. ბოლო ჩარიცხვა კომპანიის ანგარიშზე 8 ივნისს განხორციელდა, 36 199 ლარის ოდენობით.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული კომპანია ახორციელებს თბილისში 147 -ე სკოლის რეაბილიტაციასაც, სადაც სამუშაოები გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ შემთხვევაშიც რამდენჯერმე მოხდა ხელშეკრულებაში ცვლილება და შეიცვალა პროექტის დასრულების ვადებიც, ასევე გაიზარდა ხელშეკრულების პირვანდელი ღირებულებაც. შპს “სქაიჰაუსმა” უნდა ააშენოს ასევე კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღიც.