გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თამაზ შიოშვილმა მერიისგან 2020 წელს სასასყდილო აღნაგობის ხელშეკრულებით მიღებული ტერიტორია გაასხვისა. თანხმობა ტერიტორიის გასხვისებაზე საკრებულომ უკვა გასცა.
აღნიშნულ საკითხს ხმაური და კამათი მოჰყვა საკრებულოს სხდომაზე. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ შიოშვილმა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულები ვერ შეასრულა და ხელისუფლებამ დაჯარიმების ნაცვლად, კიდევ ერთხელ მისცა შანსი, რომ “ფული იშოვოს”.
“პრობლემა არის ის, რომ “ქართული ოცნების” თანამდებობის პირს, მერის მოადგილეს მისცეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი, კომერციულად დატვირთული ტერიტორია იმისთვის, რომ თავისი ბიზნესი აეწყო და კიდევ მეტი ფული ეშოვა. ვალდებულებები ვერ შეასრულა და იმის ნაცვლად, რომ დაეჯარიმებინათ, ახლა “ქართული ოცნების” კიდევ ერთ მხარდამჭერს უბრალოდ, ფორმალურად გადააბარა საიჯარო ხელშეკრულება და ამ შემთხვევაში, გაგრძელდება ფულის შოვნა ამ ობიექტისგან და კანონის წინაშე, პასუხს არავინ აგებს”, – განაცხადა ენმ-ს წევრმა, ანი ბალიაშვილმა.
ოპოზიციის კრიტიკას მმართველ გუნდში უპასუხეს. საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებით, მაშინ როცა აღნიშნული ტერიტორია თამაზ შიოშვილს გადაეცა, ის თანამდებობის პირი არ იყო. რაც შეეხება ვალდებულებების შეუსრულებლობას, რაზმაძე ამბობს, რომ ამაში ხელი გარკვეულმა მიზეზებმა შეუშალა.
“თამაზი იყო უმუშევარი, როცა მის სახელზე გაიცა იჯარა. ზუსტად მაშინ, როცა ხელმძღვანელი გახდა, მუნიციპალიტეტს უნდა გაეკეთებინა გზა, აუცილებლობა იყო, რომ ის სამუშაოები დამეთავრებინა, რაც ამ იჯარის პირობებით ჰქონდა. ვინაიდან ის იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის და თანამდებობის პირი, არ გაკეთდა ეს გზა. ვერ შეძლო ამ ადამიანმა, თავისი მიზეზების გამო, ალბათ ფინანსურადაც, ამის დამთავრება და ამ პირობებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაესხვისებინა. ვფიქრობ, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, დაიჩაგრა ბატონი თამაზი. ის, რაც ოპოზიციამ გააჟღერა, რომ თქვენ ხელს უწყობთო, პირიქით. ნამდვილად ვიცი, რომ მაშინ უმუშევარი იყო”, – განაცხადა დავით რაზმაძემ.
რაც შეეხება ტერიტორიას, რომელიც შიოშვილს მერიამ იჯარით მისცა, ის კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარეობს.
2020 წლის 15 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და თამაზ შიოშვილს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედით, შიოშვილს ტერიტორიაზე უნდა აეშენებინა შენობა კომერციული მიზნებისთვის და დაესაქმებინა 10 ადამიანი, თუმცა შიოშვილმა აღებული ვალდებულებები ბოლომდე ვერ შეასრულა, რის შემდეგაც გადაწყვიტა იჯარის ხელშეკრულება გადაეცა ნიკოლოზ ხმიადაშვილისთვის.
“თამაზ შიოშვილმა 2023 წლის 11 მაისის განცხადების საფუძველზე მოითხოვა მუნიციპალიტეტის თანხმობა, გაასხვისოს მისთვის გადაცემული აღნაგობის უფლება ნიკოლოზ ხმიადაშვილზე, ხოლო, ნიკოლოზ ხმიადაშვილმა 2023 წლის 11 მაისის განცხადებით, გამოთქვა სურვილი თამაზ შიოშვილისგან მიიღოს აღნაგობის უფლება, სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებით”, – ვკითხულობთ განკარგულებაში.
ინფორმაციისთვის, ამავე განკარგულებიდამ ირკვევა, რომ 2020 წელს გაფორმებული ხელშკერულების პირობების ნაწილი შესრულებულია. კერძოდ, ტერიტორიაზე აშენებულია შენობა-ნაგებობა, რომელშიც ინვესტიციის სახით გაიხარჯა 100 000 ლარზე მეტი.