გორში ახალი პარტიის პრეზენტაცია გაიმართება. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შოთა შალელაშვილი, პოლიტიკური საბჭოსა და პარტიის წევრები გორში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდებიან.
შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარე, ახალი პოლიტიკური პარტიის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
“ჩვენი მოკავშირე ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხია, ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის და ასეთი შეხვედრების მიზანიც ესაა. ჩვენ ვეძებთ თანამოაზრეებს, ადამიანებს, რომლებთანაც გვაქვს საერთო ღირებულებები, შეხედულებები და დამოკიდებულებები, რიგ საკითხებთან მიმართებით. პარტიის ყრილობაზე, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ავირჩიეთ და ეს მოხდა გამიზნულად, რადგან ჩვენ თანამოაზრეებს ვეძებთ ყველგან, ყველა ქალაქსა თუ სოფელში. აქვე, იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ აქტიურად შემოგვიერთდებიან თანამემამულეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან”, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.
შეხვედრა სასტუმრო “გორი ინნ”-ში 11 ივნისს, 15:00 საათზე დაიწყება.
ვინ არის შოთა შალელაშვილი?
ახლაშექმნილი პარტიის თავმჯდომარე, შოთა შალელაშვილი საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატია. ის მე-9 მოწვევის პარლამენტის და ფრაქციის “ქართული ოცნება-მრეწველები” ფრაქციის წევრი იყო 2016 წელს. იგი პარლამენტში “ქართული ოცნების” პროპორციული სიით მოხვდა. დამთავრებული აქვს მოსკოვის კვების მრეწველობის ინსტიტუტი 1987 წელს. ასევე ხელმძღვანელობდა მოსკოვის ბაკუნინის სახელობის კვების კომბინატის საამქროს 1984-1985 წლებში. 1991-1993 წლებში იყო მოსკოვის კომერციული ბანკის “პროგრეს-ბანკის” ვიცე-პრეზიდენტი.
რაც შეეხება მის ქონებრივ მდგომარეობას, იგი პარლამენტარობამდე ბიზნეს სექტორში საქმიანობდა. იგი სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა კომპანიებს:
- 1993-1995წწ – მრავალდარგობრივი კომპანია “სოფას” გენერალური დირექტორი;
- 1995-1999წწ – “ინტერის” დირექტორი;
- 2000-2002წწ – “დაგრეგოს” გენერალური დირექტორი;
- 2002-2005წწ – შპს “ოპალლის” დირექტორი;
- 2005-2009წწ – “ტრანსსერვისის” დირექტორი;
- 2009-2014წწ – შპს “სანტრეას” დირექტორი;
- 2014-2015წწ – შპს “სავინიონის” დირექტორი.
ბოლო ქონებრივი დეკლარაცია შალელიშვილს 2020 წელს აქვს შევსებული, რომლის მიხედვითაც ის ფლობს მიწის ნაკვეთებს, სამ ბინას, მათ შორის ისრაელსა და მოსკოვში, ხუთ ავტომანქანას, ფერწერულ ტილოებსა და მაჯის საათებს. დეკლარაციის შევსების პერიოდში, მის საბანკო დეპოზიტზე, რომელიც ისრაელის ბანკში აქვს გახსნილი, ფიქსირდებოდა 1 293 030 მლნ. დოლარი, ხოლო ბანკი “ქართუს” ანგარიშზე იმ დროისთვის 5 000 000 მლნ. დოლარი ჰქონდა. ქველმოქმედების გრაფაში უფიქსირდება გასავალი 1 000 000 ლარი.