ავტორი: თამარ მჭედლიშვილი, მაყურებელი და თეატრის მუზეუმის თანამშრომელი
როდესაც თეატრში პრემიერაა, წინა დღე განსაკუთრებით მიყვარს დიდი ფუსფუსი და მღელვარებაა. ყველა სართული და თანამშრომელი ჩართულია ამ სასიამოვნო აურზაურში. დღესაც ასე იყო – ხვალ პრემიერაა “მზე ისევ ამოვა”. დამწყები რეჟისორი დგამს ისეთი დრამატურგის (ზურაბ ანტონოვი) პიესას, რომელიც 70 წელია ერისთავის თეატრის სცენაზე არ დადგმულა.
ხშირად მიფიქრია, როდის “მოვიწამლე” თეატრით, მაგრამ არც კონკრეტული სპექტაკლი მახსოვს და არც ჩემი ასაკი. სკოლის ასაკში ინტენსიურად დავდიოდით, მშობლებიც აღფრთოვანებით საუბრობდნენ ყოველთვის თეატრზე და ამ ყველაფერმა ერთად მაქცია კარგ მაყურებლად.
ერთი სპექტაკლით თეატრი ვერ შეგიყვარდებათ, თუმცა ინტერესი და კითხვები გაჩნდება და სურვილი იმის, რომ კიდევ დაბრუნდე ამ საოცარ დარბაზში, ჩაჯდე წითელ სავარძელში და ფარდის გახსნას დაელოდო, ეს სანახაობა, რომელიც ჩვენამდე, მაყურებლამდე ლამაზად მოდის, უზომოდ დიდი შრომის შედეგია.
ადამიანები, რომლებიც არ ჩანან, გადაჭარბების გარეშე, დღეს და ღამეს ასწორებენ აქ. ყველამ ძალიან კარგად იცის რას აკეთებს და, რაც მთავარია, ეს საქმე უყვართ და ეს მათი ცხოვრების წესია.
ჩემთვის თეატრი უკანა ეზოს კიბიდან იწყება. ერთმანეთს ვესალმებით და ყველა თავის საქმეს იწყებს.
თეატრს აქვს მუზეუმი, რომელიც მესამე სართულზე მდებარეობს. ეს ყველაზე მისტიკური და მშვიდი ადგილია მთელს შენობაში, უამრავი ძველი და ახალი ფოტო, აფიშა, ესკიზი და ისტორია ინახება, რომელიც აუცილებლად თქვენი თვალით უნდა ნახოთ, რა თქმა უნდა, ჩემი და მუზეუმის დირექტორის, ქალბატონ მანანა მგალობლიშვილის დახმარებით.
თეატრი მხოლოდ აგვისტოში ისვენებს. კიდევ ერთ პრემიერას ველოდებით სეზონის დახურვამდე, რომელსაც მოწვეული რეჟისორი ნანუკა ხუსკივაძე დგამს.
საბედნიეროდ, თეატრს ერთგული და გემოვნებიანი მაყურებელი ბევრი ჰყავს – სპექტაკლს რომ არ აცდენენ და პრემიერას მოუთმენლად ელოდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ აქ ვმუშაობ და ცდუნება დიდია, არასდროს ვესწრები რეპეტიციას და არაფერს ვნახულობ პრემიერამდე. მინდა დღესასწაული ბოლომდე შევიგრძნო პრემიერის დღეს.
თეატრში კარგი სპექტაკლის ნახვის მერე ბევრს, ძალიან ბევრს იფიქრებთ, კითხვებს გასცემთ პასუხს და ახალი კითხვებიც აუცილებლად გაჩნდება. ეს არის ცოცხალი პროცესი, რომლის მონაწილე თითოეული ჩვენგანია. მიყვარს ჩემი თეატრი და ძალიან მახარებს ბევრი ჩემნაირის არსებობა ჩვენს ქალაქში.