სტატიები

ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია სურს კომპანიას, რომელსაც დაუსრულებელი პროექტები აქვს

ხაშურის მერია კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე 2. 000 000 ლარის დახარჯვას აპირებს. შესაბამისი სამუშაოების შესაძენად, უწყებამ ტენდერი 5 მაისს გამოაცხადა, რომელსაც ერთადერთი მონაწილე კომპანია “შპს სათავე +” ჰყავდა. ამ დროისთვის ხაშურის მერიას კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვს, რადგან ტენდერი ჯერ შერჩევა – შეფასების ეტაპზეა.

ამავე თემაზე: რა უჯდებათ ხაშურელებს კულტურის სახლის რეაბილიტაცია? – უხარისხო სამუშაოები და ხელახალი პროექტი

ოპოზიცია კი ამ კომპანიასთან თანამშრომლობის წინააღმდეგია. ენმ-ს წევრი ხაშურის საკრებულოში, ეკა პაპუაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ კომპანიას ამ ეტაპზე რამდენიმე ობიექტის რეაბილიტაცია აქვს დასამთავრებელი და რომ ის კულტურის სახლის რეაბილიტაციას დროულად ვერ დაასრულებს.

“ის აკეთებს ახალციხეში კულტურის სახლს, ასევე სხვადასხვა ქალაქებში 6 საბავშვო ბაღს, მათ შორის არის სოფელ კურდღელაურის საბავშვო ბაღი, რომელიც სექტემბერში უნდა დაასრულოს, თუმცა იქ სამუშაოები თითქმის არ უწარმოებია და არც მუშა ხელზე გაუცია ხელფასები, სპეციალურად მოვიძიე ამ კომპანიაზე ინფორმაცია. მოგებული ტენდერები არ მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ კულტურის სახლის რეაბილიტაცია ვადებში დასრულდება”, – ამბობს ეკა პაპუაშვილი.

ოპოზიციის უნდობლობის გასაქარწყლებლად, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ფიქრობს, რომ კომპანიის წარმომადგენლები მოიწვიონ და კითხვები დაუსვან.

“შეიქმნას კომისია, სადაც გაწევრიანებული იქნებიან საკრებულოს დეპუტატები. მოვიწვიოთ ეს კომპანია და გამოვკითხოთ ყველაფერი”, – განაცხადა ნინო ლიპარტელიანმა.

როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, შპს “სათავე+”-ს ამ ეტაპზე 5 მიმდინარე ხელშეკრულება აქვს – კომპანიამ “მუნიციპალური ფონდის” 5 ტენდერში გაიმარჯვა და საბავშვო ბაღები უნდა ააშენოს.



დატოვეთ კომენტარი