სტატიები

რა თანხას ხარჯავენ შიდა ქართლის მერიები დევნილთა საჭიროებებზე  

შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტს ბიუჯეტში დევნილთა დასახმარებლად თანხა გათვალისწინებული აქვს, თუმცა კონკრეტულ მიმართულებად კასპისა და ხაშურის მერიებს აქვთ გამოყოფილი. 

კასპის მერიას სოციალური უზრუნველყოფის პროგრამაში დევნილთა დახმარებისთვის 20 000 ლარი აქვს გათვალისწინებული, რომელიც სხვადასხა სოციალურ და ჯანდაცვის მომსახურებას გულისხმობს. 

ასევე აქვს თანხა გამოყოფილი ხაშურის მერიასაც, რომელმაც მიმდინარე წლის ბიუჯეტში დევნილთა დასახმარებლად 31 500 ლარი გაითვალისწინა. 

რაც შეეხება ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების მერიებს, ორივე მუნიციპალიტეტს დევნილთა საჭიროებებზე ზრუნვა სოციალურ პროგრამაში აქვთ მოქცეული. ამ პროგრამაში სხვადასხვა მიმართულებების ფარგლებში მოსარგებლე ბენეფიციარებს შორის დევნილებიც არიან.

გორის მერიას ამ მიმართულებით 1 681 000 ლარი აქვს გათვალისწინებული

 “გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის, ასევე გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილი მოსახლეობის, ადგილობრივი ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობა”, – წერია გორის ბიუჯეტის პროგრამულ დანართში.

ქარელის მერიას სოციალურ პროგრამაში ჯანმრთელობის დაცვისთვის გათვალისწინებული აქვს 714 900 ლარი. ამ თანხაში შედის იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებაც.

“დახმარებით ისარგებლებენ ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები). დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას: ანგარიშფაქტურა, წინასწარი კალკულაცია (რომელიც უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის რეკვიზიტებს), ფორმა 100, პაციენტისა და განმცხადებელის პირადობის მოწმობის ასლი და/ან სხვა დოკუმენტი – საჭიროების შემთხვევაში”, – წერია ქარელის ბიუჯეტის დანართში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.