სტატიები

გენ.გეგმის დამტკიცებამდე, გორის მერიას კორპუსების მშენებლობების შეჩერებას სთხოვენ

გორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საჭიროდ თვლიან, რომ გორის მერიამ მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვები აღარ გასცეს იქამდე, სანამ მუნიციპალიტეტის განაშენიანების გენერალური გეგმა არ დამტკიცდება. 

ისინი ფიქრობენ, რომ გენერალური გეგმის გარეშე, სამშენებლო ნებართვების გაცემა საშიშია როგორც ქალაქის იერ-სახისთვის, ისე მოქალაქეთა სიცოცხლისთვის. 

მაგალითად, საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აუცილებელია ნიადაგის შესწავლა და დადგენა, სად როგორი შენობის აშენებაა უსაფრთხო. 

“ზუსტად უნდა განისაზღვროს, სად როგორი ნიადაგია და სად როგორი შენობის აგებაა შესაძლებელი. დადგინდეს, როგორი უნდა იყოს ქალაქის და ზოგადად მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ ყველაფერს სჭირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება, მოსახლეობასთან კონსულტაციები და მათი ჩართულობა, ეს აუცილებელი პირობებია. შესაბამისად, სანამ ეს საკითხები გადაწყდება, რა თქმა უნდა, სჯობს არ გაიცეს მშენებლობის ნებართვები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის საფრთხეები, რომლებიც შეიძლება არასწორმა მშენებლობამ მოუტანოს ადამიანსა და ქალაქის ინფრასტრუქტურას”, – ამბობს ქეთი ბებიაშვილი. 

ანალოგიურად ფიქრობს “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი თეა თედლიაშვილი. 

“ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა შეაჩეროს სამშენებლო ნებართვების გაცემა დროებით, გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, ვინაიდან არაა შემუშავებული არანაირი სტანდარტი, რასაც სამშენებლო კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობისთვის. ეს მნიშვნელოვანია, როგორც განსახლების უსაფრთხოებისთვის, ასევე ქალაქის განაშენიანებისა და იერს-ახისთვის”, – ამბობს თეა თედლიაშვილი. 

სამშენებლო ნებართვებზე მორატორიუმის გამოცხადებას ემხრობა გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მიშა ჩიტაძეც, თუმცა ფიქრობს, ამის გაკეთება გორის მერიის ინტერესებში არაა. 

“გენერალური გეგმის დამტკიცებამდე მერიამ, რა თქმა უნდა, უნდა გამოაცხადოს მორატრიუმი და იმ გეგმის მიღების შემდეგ გასცეს სამშენებლო ნებართვები, მაგრამ მერე ბევრს ვეღარ გააკეთებენ, ეს უკვე კორუფციული მომენტებია, რომ გასცენ ნებართვა ყველა ვარიანტში გენ.გეგმის პარამეტრებში უნდა იჯდეს და ეს ნაკლებად აწყობთ, გეგმა ურთულებთ ამ საკითხს”, – მიშა ჩიტაძე.

პოლიტიკური ნების ნაკლებობაზე საუბრობს “საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის” წარმომადგენელი თამარ ედიშერაშვილი. 

“საჭიროა სოციალური, ეკონომიკური და გარემოს დაცვითი ფაქტორების გათვალისწინება. აღარაფერს ვამბობ ისტორიულ და ესთეტიკურ მხარეზე, სამწუხაროდ, დღეს ეს მიმართულებაც სპონტანური გადაწყვეტილებებით იმართება და არა პროფესიონალებთან აზრების შეჯერებით.  ამიტომ მეც სასურველად მიმაჩნია მორატორიუმის გამოცხადება, თუმცა ამ სურვილის  გამზიარებელი არ მეგულება დღეს. მშენებლობები დიდ თანხებთან და გავლენებთან არის დაკავშირებული”, – ამბობს ედიშერაშვილი. 

მაღალსართულიანი კორპუსების სამშენებლო ნებართვის გაცემის შეჩერება საჭიროდ მიაჩნია “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” გორის ოფისის ხელმძღვანელსაც. 

“მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, ვთვლი, რომ სასურველია მერიამ გამოაცხადოს მორატორიუმი მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვებზე. მნიშვნელოვანია მაქსიმალური სიფრთხილე და თავის დაცვა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს არსებული გენ. გეგმის ბოლომდე მიყვანის საკითხი, რადგან დრო გადის და დოკუმენეტში ასახული რეკომენდაციები ძალადაკარგულად, ხოლო ის გადახდილი რესურსი, რომელიც ცოტა ნამდვილად არ არის, წყალში გადაყრილად ჩაითვლება”, – ამბობს დარეჯან მურადაშვილი.

გენერალური გეგმის დამტკიცება მორატირუმის და მშენებლობების შეფერხების თავიდან აცილების ერთადერთ საშუალებად მიაჩნია “ადამიანის უფლებათა ცენტრის’ წარმომადგენელს. 

“მორატორიუმის გამოცხადების აუცილებლობის წინაშე არ დავდგებით და სამშენებლო სამუშაოები არ შეფერხდება. გეგმა პრაქტიკულად არსებობს უკვე და დასამტკიცებელია. საშტატო და თანამდებობრივ სარგოებზე მსჯელობაში დროის ხარჯვას და მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადებას, აჯობებს, გეგმა დამტკიცდეს დროულად”, – ამბობს ლექსო მერებაშვილი.

განაშენიანების გენერალური გეგმა ის დოკუმენტია, რომელმაც ქალაქის იერ-სახე და მოქალაქეთა უფლებები უნდა დაიცვას. “Მოზაიკამ” გაარკვია, რომ გეგმაზე მუშაობა 2017 წლიდან დაიწყო და 2019 წელს დასრულდა, თუმცა მისი დამტკიცება ამ დრომდე არ მომხდარა. დოკუმენტი, რომლის შემუშავებაზეც გორის ბიუჯეტიდან 383 500 ლარი დაიხარჯა, მიმდინარე მშენებლობებით შეცვლილი ქალაქის იერსახის პირობებში, შესაძლოა უსარგებლოდ იქცეს. 

ამავე თემაზე: ბეტონის ჯუნგლებად ქცევის საფრთხეა – როგორ გასცემენ მშენებლობის ნებართვებს გორში?

სწორედ ამიტომ, სამოქალაქო სექტორი გორის მერიისგან დოკუმენტის დროულად დამტკიცებას მოითხოვს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.