სტატიები

ხაშურის მერს ადმინისტრაციის უფროსის წინააღმდეგ საქმისწარმოების დაწყებას სთხოვენ

ხაშურის მერიიდან გათავისუფლებული იურისტი ითხოვს, რომ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის წინააღმდეგ დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყოს. ირინე ფერაძემ კომისიის შექმნის მოთხოვნით, ხაშურის მერს უკვე მიმართა. 

“მის მიერ განხორციელებული ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ და ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლს. გთხოვთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოთ შესაბამისი დოკუმენტაციის (მინდობილობა და ა. შ) გამოთხოვა, სამოქალაქო და საჯარო რეესტრიდან, ასევე გამოითხოვოთ ინფორმაცია დღის რომელ მონაკვეთშია წარდგენილი მინდობილობები, შესაბამის საჯარო დაწესებულებებში და შემდგომ განახორციელოთ კანონით გათვალისწინებული ქმედებები”, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც ირინე ფერაძემ თენგიზ ჩიტიაშვილს გაუგზავნა. 

როგორც მერიის ყოფილი იურისტი “მოზაიკას” ეუბნება, კომისიამ უნდა დაადგინოს არღვევს თუ არა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კანონს, როცა ის მოქალაქეებს იურიდიულ მომსახურებას უწევს. 

“მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი დავით კიკნაძე მოქალაქეებს საჯარო რეესტრში იურიდიულ დახმარებას უწევს. ის ადამიანებს მოქალაქეობის მიღებაში ეხმარება. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ხაშურიც. როგორც მე მითხრეს, კიკნაძე მერთანაც იყო შესული, თუმცა უთქვამს, რომ  იურიდულ მომსახურებას მოქალაქეებს უფასოდ ვუწევო”, – გვითხრა ფერაძემ. 

მისი თქმით, სწორედ ამ ფაქტის შესასწავლად უნდა შეიქმნას კომისია.

“მე რომ ადამიანს იურიდიული დახმარება გავუწიე, ეგ აქციეს ჩემი გათავისუფლების მიზეხად. ამიტომ მოვითხოვ დავით კიკნაძის საქმიანობის შესწავლას”, –  განაცხადა ფერაძემ.

დააკმაყოფილებს თუ არა ფერაძის მოთხოვნას ხაშურის მერია, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ხაშურის მერს ამ საკითხზე საუბარი არ სურს და ამბობს, რომ ისე მოიქცევა, როგორც საჭირო იქნება. 

“თუ კომისიის შექმნა იქნება საჭირო, კომისია შეიქმნება. ირინე ფერაძის განცხადებაზე საუბარი არ მინდა. ჩემი პაუხი ეს იქნება”, – გვითხრა თენგიზ ჩიტიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირინე ფერაძე ხაშურის მერიის იურიდიული სამსახურის ყოფილი თანამშრომელია. ის თანამდებობიდან დაახლოებით ერთი კვირის წინ გაათავისუფლეს. 

ამავე თემაზე: შიდა დაპირისპირება ხაშურის მერიაში – როგორ ხსნის საკუთარ გათავისუფლებას ირინე ფერაძე?

ამავე თემაზე: ხაშურის მერიის იურისტის გათავისუფლებაში მონაწილეობას ბრალდების ადრესატები უარყოფენ

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი