სტატიები

ველოსიპედიდან რომ არ გადმოვარდნილიყო, ცოცხალი იქნებოდა – ვინ რას აბრალებს 80 წლის კაცის გარდაცვალებას?

აგარაში 80 წლის კაცი გარდაიცვალა. როგორც “მოზაიკას” უთხრეს, ის ველოსიპედით მიდიოდა, რა დროსაც ძაღლები დაედევნენ, კაცი ველოსიპედიდან გადმოვარდა და არხში ჩავარდა. 

მომხდარზე “მოზაიკას” ოჯახის ახლობელი ნათელა კობერიძე ესაუბრა. 

“რომ არ გადმოვარდნილიყო, ახლაც ცოცხალი იქნებოდა. ძაღლები გამოეკიდnენ. მანამდე კაცს არაფერი სტკენია არასოდეს”, – გვითხრა კობერიძემ. 

როგორც ახლობლებმა გვითხრეს, მოხუცი ჯერ ქარელის საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც ის სახლში გამოწერეს. ღამით კი, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, რეანომობილით ის თბილისში წაიყვანეს. 

“ჩემი მეგობრის მამაა. რომ გაეკიდნენ ძაღლები, გვრედზე არხში გადავარდა, დაჟეჟილობები მიიღო, მაგრამ რომ მიიყვანეს საავადმყოფოში, არაფერიაო, თავზე გადაუღეს, გამოუშვეს და უთხრეს, ხვალ მოდიო, მაგრამ იმ ღამეს ასტკივდა მუცელი, წაიყვანეს თბილისში, მაგრამ უკვე გვიანი იყო, მუცელი სისხლით იყო სავსე და დაიღუპა”, – გვითხრა რამაზ მაჭარაშვილმა. 

მომხდარის შემდეგ, აგარაში მიუსაფარი ცხოველების პრობლემაზე საუბარი გააქტიურდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, დაბაში გადაადგილების მათაც ეშინიათ. 

ეს პრობლემა საკრებულოს სხდომაზე აგარის მაჟორიტარმა დეპუტატმაც დააყენა და იმედი გამოთქვა, რომ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ვითარების გამოსწორება ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულ საკითხად იქცევა. 

“აგრესიულ ძაღლებს მაინც მივხედოთ, წავიყვანოთ თავშესაფარში, ხალხს ეშინია”, – განაცხადა მურთაზ ცისკაძემ.

აგარაში მიუსაფარი ძაღლების სიმრავლეს ადატურებს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი თეიმურაზ ხმალაძეც, თუმცა ამბობს, 80 წლის კაცის გარდაცვალების მიზეზი მიღებული ტრავმა კი არა, ანევრიზმა გახდა. 

“ველოსიპედით რომ გადაყირავდა, გადარჩა. მერე სასწრაფომ წაიყვანა და უკან დააბრუნა გამოკეთებული. მეორე დღეს გაუსკდა ანევრიზმა და ეს ძაღლების ბრალი ნამდვილად არააა, თუმცა გეთანხმებით, ძაღლები მრავლადაა აგარაშიც და სხვაგანაც”, – თეიმურაზ ხმალაძე.

ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ამ განცხადებას მოქალაქეთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ისინი ხლისუფლებას ურჩევენ, პრობლემა და მისი ტრაგიკული შედეგები აღიაროს და მოგვარებაზე იზრუნოს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.