სტატიები

ხაშურის მერიამ ახალი განყოფილება შექმნა – ამბობენ, რომ ერთი ადამიანისთვის 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ახალი განყოფილება დაემატა. “მოზაიკას” წყარო ეუბნება, რომ მისი შექმნის მიზანი ერთი კონკრეტული ადამიანის დასაქმება იყო. 

“საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ახალი განყოფილება ხელოვნურად დაამატეს, მისი საჭიროება ნამდვილად არ იყო, ფაქტიურად ერთი ადამიანისთვის შექმნა ეს სამსახური”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

წყაროს ინფორმაციით, ახალი განყოფილების შექმნით, მერიამ იმ თანამშრომლის კეთილგანწყობის მოპოვება სცადა, რომელიც დაბალი ხელფასის გამო, მერიიდან წასვლას აპირებდა. 

“ეს ადამიანი წლებია მერიის თანამშრომელია და დაბალი ხელფასის გამო, სამსახურიდან წასვლას აპირებდა, მერთანაც შევიდა ამ სკითხთან დაკავშირებით. გამოცდილი კადრი რომ არ წასულიყო მერიიდან, განყოფილების შექმნის იდეა გაჩნდა. ეს ადამიანი მერიის შიდა სამზარეულოსაც კარგად იცნობს და მის გაშვებას, მისი დასაქმება არჩიეს”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

განყოფილების შექმნის მიზანს განსხვავებულად განმარტავს სამსახურის უფროსი ლელა მაჭარაშვილი. მისი თქმით, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური საკუთარი მიღწევებით რეგიონში პირველია. 

“საქმე რომ ეფექტურად, ხარისხიანად გაკეთდეს, ამიტომ საჭირო გახდა განყოფილების დამატება. ჩვენი სამსახური თავისი მიღწევებით რეგიონში პირველ ადგილზეა”, – გვითხრა ლელა მაჭარაშვილმა. 

როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, სამსახურის ფუნქციები ბოლო პერიოდში არ შეცვლილა. ახალი განყოფილების შექმნით კი, უბრალოდ ძველი ფუნქცია-მოვალეობების დანაწილება მოხდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი