სტატიები

უფუნქციო და შემოღობილი – რა ელის  ყოფილი ბაზრის ტერიტორიას გორში?

“მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ გორის ცენტრში ყოფილი ბაზრის ტერიტორია უკვე გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა”, – ამ სიტყვებით ახარა 2020 წელს გორელებს ყოფილმა მერმა, კონსტანტინე თავრაშვილმა ყოფილი ბაზრის ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემა. 

მანვე დაანონსა ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობა, თუმცა 3 წლის შემდეგ, ყოფილი ბაზრის ტერიტორია შემოღობილია და უფუნქციოა. 

რისი მოწყობა იგეგმებოდა ბაზრის ტერიტორიაზე? 

ტერიტორიაზე უნდა მოწყობილიყო მცენარეული საფარი, პარკი, ტბა, შადრევნები და ველობილიკები.

“ამ ნანგრევების ნაცვლად, უახლოეს მომავალში გორში გვექნება თანამედროვე რეკრეაციული ზონა და საგანმანათლებლო ახალგაზრდული ცენტრი”, – ამბობდა გიორგი ხოჯევანიშვილი, რომელიც მაშინ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო “ქართული ოცნებიდან”. 

აღნიშნული ტერიტორია, რომლის ფართობი  21 813 კვადრატული მეტრია,  კერძო მესაკუთრისგან ფონდმა “ქართუმ” 1 550 000 ლარად გამოისყიდა და მუნიციპალიტეტს გადასცა. ამავე ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჩხეტიანი ამბობდა, რომ ტერიტორიის მოწყობას თავად ფონდი “ქართუ” უზრუნველყოფდა, თუმცა დაპირებიდან 3 წლის შემდეგ, ტერიტორიაზე მხოლოდ, ნანგრევები, ბუნებრივად ამოსული ბალახი და ნაგავია.

რატომ არის ამ დრომდე უფუნქციოდ მიტოვებული ტერიტორია, ამის გარკვევას “მოზაიკა” გორის მერიაში შეეცადა. უწყებაში ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაგვპირდნენ, რომ საკითხს გაარკვევენ, თუმცა ვერ გვითხრეს, რა ვადაში.

რატომ არ შესრულდა გაცემული დაპირება და რა ბედი ეწია პროექტს, რომლის მიხედვითაც ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა და ახალგაზრდული სივრცე უნდა მოწყობილიყო, “მოზაიკამ” ამის გაგება ფონდი “ქართუს” დირექტორსა და გამგეობის თავმჯდომარისგან, ნიკა ჩხეტიანისგან სცადა, თუმცა მან არც სატელეფონო ზარებს და არც ტექსტურ შეტყობინებებს უპასუხა. 

ინფორმაციისთვის, ყოფილი ბაზრის ტერიტორიას მფლოფელი რამდენჯერმე შეეცვალა. იქამდე, სანამ ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადმოეცემოდა, მისი მესაკუთრეები უცხოელი ინვესტორები იყვნენ. გორის მერიამ მათ რამდენჯერმე სთხოვა, რომ ტერიტორია მოეწესრიგებინათ, თუმცა უშედეგოდ. მაშინ ადგილობრივი ხელუფლება ამბობდა, რომ ტერიტორიის მოვლა-პატრონობას ვერ ახერხებდა, რადგან ის კერძო საკუთრება იყო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.