ხაშურის ისტორიული შენობა, რამდენიმე ტენდერის შემდეგ, განადგურების პირასაა, – ამბობს პარტიის “საქართველოსთვის” წარმომადგენელი ხაშურში შოთა კურტანიძე.
საუბარია ხაშურის კულტურის სახლის შენობაზე, რომლის რეაბილიტაციისთვის, მერიამ ახალი ტენდერი გამოაცხადა. იქამდე, კი “ინშაათ საქართველოს” 500 000 ლარი გადაუხადა.
ამავე თემაზე: რა უჯდებათ ხაშურელებს კულტურის სახლის რეაბილიტაცია? – უხარისხო სამუშაოები და ხელახალი პროექტი
ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ამ დროისთვის შენობის მდგომარეობა საგანგაშოა და მისი პირვანდელი სახეც დაკარგულია.
“მაგალითად აღარაა ლოჟა იმ ფორმით, როგორადაც ის იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამასთან შემცირებულია ადგილების რაოდენობა, დადაბლებულია იატაკი, სცენა, განათება ფაქტობრივად არ არსებობს, არ არის კონდენცირების სისტემები და ფაქტობრივად არ არის გათბობა გათვალისწინებული იმ ფორმით, როგორადაც ეს უნდა იყოს”, – ამბობს კურტანიძე.
მისი თქმით, შენობის ამ მდგომარეობამდე მიყვანასა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ჩართული ყველა პირი უნდა დაისაჯოს.
შეგახსენებთ, რომ მერიის მიერ გამოცხადებული ახალი ტენდერის მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ თავდაპირველად “ინშაათ საქართველოს” მიერ ჩატარებული სამუშაოების დემონტაჟი უნდა განახორციელოს და რეაბილიტაცია ამის შემდეგ დაიწყოს.