ხაშურის მერიის იურიდიული სამსახურის ყოფილი თანაშრომლის, ირინე ფერაძის ბრალდებას, რომ ის თანამდებობიდან ხაშურის მერის მოადგილისა და სამსახურის უფროსის ჩართულობით გათავისუფლდა, ბრალდების ადრესატები უარყოფენ.
ბრალდების ადრესატების დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა ამბობენ, რომ საკადრო გადაწყვეტილების მიზეზი დისციპლინური გადაცდომა იყო.
“ირინე ფერაძესთან დაკავშირებით, ზვიად ქურდაძე გადაწყვეტილებებს არ იღებს. მის საქმესთან დაკავშირებით კომისიამ იმსჯელა და გამოვლინდა დისციპლინალური გადაცდენა. იგი დამნაშავეი იყო აღნიშნულ საკითხში და ამის გამო მოხდა მისი გათავისუფლება”, – გვითხრა ხაშურის მერის მოადგილემ, ზვიად ქურდაძემ.
საკითხზე საუბარი არ ისურვა იურიდიული სამსახურის უფროსმა დავით ღვალაძემ.
“ირინე ფერაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარის გკეთება არ მსურს პრესსამსახურს მიმართეთ ამ საკითხთან დაკავშირებით”,– გვითხრა ღვალაძემ.
რაც შეეხება მერის თანაშემწეს, დავით ბარბაქაძე ამბობს, უფრო მეტი დეტალის გახმაურება ისევ ირინე ფერაძის გადასაწყვეტია.
“ის, რაც მოხდა, ჩემი და ირინეს პირადი საქმეა. მე, მის წინაღმდეგ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. თუ მას სურვილი აქვს, თვითონ განმარტოს, რატომ გათავისუფლდა. მე რა შუაში ვარ მის გათავისუფლებასთან? ამ საკითხზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა ბარბაქაძემ.
ინფორმაციისთვის, ხაშურის მერიამ ირინა ფერაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. ფერაძე ამბობს, რომ უსამართლოდ გაათავისუფლეს და ხაშურის მერიაში შიდა განხეთქილების მსხვერპლი გახდა.
ამავე თემაზე: შიდა დაპირისპირება ხაშურის მერიაში – როგორ ხსნის საკუთარ გათავისუფლებას ირინე ფერაძე?
ფერაძე ამბობს, რომ საკუთარი ინტერესების და უფლებების დასაცავად ბრძოლას გააგრძელებს. ის თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს და დავის გაგრძელებას ამის დასამტკიცებლად აპირებს.