სურამში მდებარე ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია არ დასრულებულა. მეტიც, 2020 წელს დაწყებული პროექტიდან 3 წელი გავიდა, ამ დრომდე სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებული არ არის.
სახლ-მუზეუმი, რომლის გახსნაც 2021 წლის ბოლოს იყო დაანონსებული, 2023 წლის მაისში ასე გამოიყურება:
ლესია-უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია 2020 წლის თებერვალში დაანონსდა.
“საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით, სურამში ცნობილი უკრაინელი პოეტისა და მწერლის – ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროცესი იწყება. სარეაბილიტაციო პროექტის პირველი ეტაპი სამუზეუმო სივრცის დემონტაჟს მოიცავს, რომლის განხორციელება უახლოეს დღეებში, ტენდერის გზით შემრულებელი კომპანიის გამოვლენის შემდეგ დაიწყება”, – წერდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
უწყება ამბობდა, რომ გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მომზადებული არქიტექტურული პროექტის თანახმად, რომელიც სააგენტოს დაკვეთით კომპანია „არტ-ბილდინგმა“ შეასრულა, აუთენტური ფორმით ახალი სამუზეუმო შენობა აშენდება.
“რეკონსტრუქციის შედეგად განახლდება სახლ-მუზეუმის ეზოს ინფრასტრუქტურა. თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა სამუზეუმო სივრცე, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. განახლდება მუზეუმის გალავანი და მისი ყველა ელემენტი. საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, მოეწყობა ფონდსაცავები. სამუზეუმო ექსპოზიცია სახლ-მუზეუმის თანამედოვე მუზეოგრაფიის კონცეფციას დაექვემდებარება, რაც მას მეტ შინაარსობრივ დატვირთვას შესძენს. სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება”, – ვკითხულობთ სააგენტოს 2020 წლის განცხადებაში.
ამავე განცხადებაში, პროექტის პარტნიორად ხაშურის მერიაა მოხსენიებული, რომელმაც რეაბილიტაციის დაწყებამდე, სამუზეუმო ექსპონატები დროებით დაცულ სივრცეში განათავსა.
რეაბილიტაციის გაჭიანურების მიზეზების გარკვევას “მოზაიკას” სწორედ მერიაში შეეცადა, სადაც გვითხრეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ, რადგან რეაბილიტაციის პროექტი მათ არ ეკუთვნოდათ.
მერიის დაქვემდებარებაში მყოფი იმ ა(ა)იპ-ის დირექტორმა კი, რომელსაც მუნიციპალიტეტის მუზეუმები აბარია, გვითხრა, რომ რეაბილიტაცია უკრაინის ომის გამო გაჭიანურდა.
“გაკეთდება აუცილებლად, ომმა შეუშალა ხელი, უკრაინის ომმა, იმედიანად ვარ, გაკეთდება. მუზეუმის მიმდებარედ სკვერი ხაშურის მერიამ გააკეთა და მუზეუმიც გაკეთდება”, – გვითხრა სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა, თამაზ ლაცაბიძემ.
ინფორმაციისთვის, ლესია უკრაინკას მემორიალური მუზეუმი ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, სურამელი აზნაურის, ცნობილი ეთნოგრაფის ნიკოლოზ აბაზაძის XIX საუკუნის სახლშია გახსნილი. მუზეუმის ფონდებში დაცულია ლესია უკრაინკას ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები: პოეტის კრებულები, ხელნაწერები, სხვადასხავა ხასიათის დოკუმენტები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფოტო და ეთნოგრაფიული მასალა. მუზეუმის გახსნის ინიციატორი მწერალი გიორგი ლეონიძე იყო.