ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში ფიჭვის ხეების დაბეტონებასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
სურამში დაბეტონებული ტერიტორიის – 267 კვ.მ. წარმოადგენს სახელმწიფო ტყის, ხოლო – 117 კვ.მ. მუნიციპალურ ტერიტორიას, – აცხადებენ უწყებაში.
“11 მაისს, სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა გამოავლინეს სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების რამდენიმე ფაქტი, რომლებზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება”, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, 11 მაისის მდგომარეობით, თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიებზე, არ ფიქსირდებოდა სამუშაოების, კერძოდ ბეტონის დასხმის არანაირი კვალი. სამართალდამრღვევმა, აღნიშნული ტერიტორიის ბეტონით დაფარვის სამუშაოები 12-14 მაისს (უქმეებზე) განახორციელა.
“ამ დროისთვის, ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბეტონის ფენის მოხსნა, რის შემდეგაც, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ, მოხდება გარემოზე მიყენებული ზიანის შესწავლა – მიწის დეგრადაციისა და ნაყოფიერი ფენის შესწავლა და შესაბამისად დაანგარიშდება ზარალი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნება შესამაბის უწყებებს.”
ინფორმაციისთვის, 15 მაისს, აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემდგომ, ვითარების შესწავლის მიზნით, ადგილზე გავიდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები. ფაქტის შესწავლით დადგინდა, რომ დაბეტონებული ტერიტორიის ნაწილი – 267 კვ.მ. წარმოადგენს სახელმწიფო ტყის, ხოლო – 117 კვ.მ. მუნიციპალურ ტერიტორიას.