“ახალბაღში” მდებარე ნიკო ლომოურის საფლავი რეაბილიტაციის პროექტში ნახსენები არაა. საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ ეს ფაქტი შესაძლოა საფლავის დაკარგვის საფუძველი გახდეს.
“არ არის გამორიცხული, რომ ძეგლს ბაღშივე შეუნაცვლონ ადგილი (თუ უკვე არ შეუცვალეს) და უყურადღებობით ან უცოდინარობით მწერლისა და საზოგადო მოღვაწის საფლავი დაიკარგოს!”, – დაწერა სოციალურ ქსელში მოქალაქე ნანა კობალაძემ.
“მოზაიკამ” საფლავის შესახებ ინფორმაციის მოძიება რეაბილიტაციის პროექტში სცადა, თუმცა დოკუმენტში საუბარი მხოლოდ ნიკო ლომოურის ბიუსტის რეაბილიტაციაზეა.
სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ნიკო ლომოური თავდაპირველად გორის ოქონის საკათედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს, მაგრამ 1920–იან წლებში ტაძრის დანგრევის გამო, მისი ნეშტი ახალბაღში გადმოასვენეს, საფლავზე კი სავარძელში მჯდარი ნიკო ლომოურის სპილენძის ქანდაკება დადგეს, რომელიც 1990-იან წლებში გაანადგურეს და მოიპარეს. მის ადგილას მოგვიანებით ბაზალტის ქვაში ნაკვეთი ბიუსტი დაიდგა, რომელსაც 2019 წელს ცხვირი მოტეხეს.