გორის მერის თქმით, 2020 წლის შემდეგ, მას ჭიდაობაში არც ერთი მასტერკლასი არ ჩაუტარებია.
როგორც ხინჩეგაშვილი ამბობს, მისი ვიდეოები, რომლებსაც ამერიკელი მწვრთნელები საკუთარ სოციალურ არხებზე აქვეყნებენ, საარქივო მასალებია.
“დიდხნიანი კარიერა მქონდა, მოგეხსენებათ და საკმაო მასალაა ჩემს შესახებ, ჩემი ორთაბრძოლების და მასტერკლასების ინტერნეტში და არქივიდან იღებენ და დებენ”, – ამბობს ხინჩეგაშვილი.
მისი თქმით, ის არც ერთი უცხოური საჭიდაო სკოლის კონტრაქტორი მწვრთნელი არ არის და არც ყოფილა.
“კონტრაქტი არასოდეს არ მქონია და არც მაქვს”, – აცხადებს ხინჩეგაშვილი.
ინფორმაციისთვის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 19 აპრილიდან 5 მაისამდე პერიოდში შვებულებაში იმყოფებოდა. არსებობდა ვარაუდი, რომ ის ამერიკაში, მასტერკლასების ჩასატარებლად იყო წასული, თუმცა როგორც სამსახურში დაბრუნებული ხინჩეგაშვილი ამბობს, მან შვებულება ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ გამოიყენა.