ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, ერთ-ერთ უბანში გზა იმდენად მოუწესრიგებელია, რომ ადგილობრივებს გადაადგილება ავტომობილებითაც კი უჭირთ. განსაკუთრებით რთული მდგომარება ნალექიანი ამინდების დროსაა.
აღნიშნული გზაზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ხაშურის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, ეკატერინე პაპუაშვილმა გაავრცელა. მან ხაშურის მერიას მოუწოდა გაითვალისწინოს მოსახლეობის ინტერესები და აღნიშნული შეძლებისდაგვარად მოაწესრიგოს.
“მაშინ, როდესაც ზარზეიმით ვიგებთ, რომ ალი-ბრილის გზა კეთდება (რაც, მოსასალმებელია და ამის მისაღწევად ამ ხალხმა ბევრი იბრძოლა), იქვე, ალის ბოლოში არის უბანი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ დადიან სამსახურში, ბავშვები ბაღში და სკოლაში… ეს გაუსაძლისი მდგომარეობაა, მოსახლეობას გაუსაძლის პირობებში უწევს გადაადგილება. წლებია, ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება და არავინ ზრუნავს მათი პირობების გაუმჯობესებაზე. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, იქნებ მიიტანოთ გულთან ამ ადამიანების გაჭირვება და არ დაჭირდეს მოსახლეობას ქუჩის გასავლელად ცხრათავიანი დევის დამარცხება”, – წერს პაპუაშვილი.
ეკატერინე პაპუაშვილის გავრცელებულ ინფორმაციას, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია გამოეხმაურა. უწყება განმარტავს, რომ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აქტიურად მუშაობენ, თუმცა შეზღუდული რესურსი ყველა პრობლემის ერთდროულად გადაჭრის საშუალებას არ აძლევთ.
“მიმდინარე წელს ალში ხორციელდება ტაძრამდე და სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ღირებულებაც 554662 ლარია. აღნიშნული გზით ისარგებლებს სოფლის პრაქტიკულად ყველა მცხოვრები და სტუმრებიც, რადგან ეს გახლავთ ორ ტაძართან და სასაფლაოსთან დამაკავშირებელი საშუალება. პრიორიტეტიც სწორედ ამ ნიშნით შეირჩა. მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტი ქალაქ ხაშურთან და დაბა სურამთან ერთად 82 სოფელსაც მოიცავს. შესაბამისად, არსებული რესურსები მიმართულია თითოეულ დასახლებაში მწვავე პრობლემების მოსაგვარებლად. სამწუხაროდ, შეზღუდული რესურსი არ გვაძლევს საშუალებას, რომ ყველა პრობლემა ერთდროულად გადაიჭრას, თუმცა, ეტაპობრივად ყველა სასოფლო გზა მოწესრიგდება”, – განმარტავენ ხაშურის მერიაში.
ინფორმაციისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტში გზების მშენებლობა – რეაბილიტაციისთვის 2023 წლის ბიუჯეტში 4 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
ბრილამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონი ლარი გამოიყო