სტატიები

3 494 000 ლარი სპორტის პოპულარიზაციისთვის – ვინ რას მიიღებს ქარელის ბიუჯეტიდან 2023-2026 წლებში

სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება ქარელის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა – ამის შესახებ, მერიის მიერ გამოქვეყნებულ პრიორიტეტების დოკუმენტში ვკითხულობთ. 

დოკუმენტის მიხედვით, 2023-2026 წლებში, ქარელში წარმატებული სპორტსმენების გამოვლენისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციის მიზნით, 3 494 000 ლარის დახარჯვა იგეგმება. ამ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ა(ა)იპ „ქარელის მუნიციპალიტეტის სასპორტო დაწესებულებების გაერთიანება” მიიღებს. 

დოკუმენტის მიხედვით, ა(ა)იპ-ის დაფინანსების ზრდას მერია ყოველწლიურად აპირებს:

  • 2023 წელი: 812 000 ლარი
  • 2024 წელი: 853 000 ლარი 
  • 2025 წელი: 894 000 ლარი
  • 2026 წელი: 935 000 ლარი

აღსანიშნავია, რომ გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი, 70% ა(ა)იპ-ის ადმინისტრაციულ ხარჯებს მოხმარდება. 

დარჩენილი თანხა კი სპორტის სხვადასხვა სახეობების სწავლებაზე, წარმატებული სპორტსმენების და მწრვთნელების წახალისებაზე, შეჯიბრებებში მონაწილეობასა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფაზე დაიხარჯება.

ქარელის მერიის განცხადებით, ბიუჯეტის გადანაწილება იმ პრიორიტეტების მიხედვით ხდება, რომლებიც მოქალაქეთა გამოკითხვის შედეგად შეირჩა.  

“2022 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის განხორციელდა მოსახლეობის გამოკითხვა. ჩამოყალიბდა მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითადი მიმართულებები და გამოიკვეთა ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პრიორიტეტები და პროგრამები”, – ნათქვამია პრიორიტეტების დოკუმენტში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.