სტატიები

გეგმავს თუ არა გორის მერია ატენის საბავშვო ბაღის ტერიტორიის გასხვისებას?

გორის მუნიციპალიტეტის მერია ატენის საბავშვო ბაღის ტერიტორიის გასხვისებას აპირებს, – ამის შესახებ ადგილობრივები “მოზაიკას” ესაუბრნენ.

მოსახლეობის თქმით, მერია ტერიტორიის გასხვისებას იმ ბზნესმენზე გეგმავს, რომელმაც ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორია შეიძინა.

“საბავშვო ბაღის უკანა ეზოს გასხვისებას გეგმავენ, რომელიც ყოფილი ღვინის ქარხნის გაგრძელებაა და ყოველთვის ბაღის საკუთრება იყო. იქ არის გასართობი სივრცე მოწყობილი, რომლითაც საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სარგებლობენ. ვიცით, რომ საბუთები მზადდება და აუქციონზე უპირებენ გატანას. ამ ყველაფერს ვიცე მერი ნიკა ღვინიაშვილი კურირებს, ასე ვიცით ჩვენ”, – ამბობენ ატენელები.

მოსახლეობის ინფორმაციას ადასტურებს საკრებულოს წევრი ნანა ლოთიშვილი, თუმცა ამბობს, რომ შესაბამის დოკუმენტაციაზე ხელი არ მიუწვდება. 

“ზეპირად მოვისმინე ეს ამბავი კომისიის სხდომაზე. ბაღების სააგენტოს წარმომადგენელიც გვესწრებოდა და მას ვკითხე, მართლა აპირებს თუ არა მუნიციპალიტეტი აღნიშნული ტერიტორიის გასხვისებას, მან ვერ დამალა და ფაქტი დამიდასტურა, მითხრა, რომ ამაზე საუბარი მიმდინარეოსბ. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დოკუმენტი არ მაქვს, მოსახლეობას მაინც მივაწოდე ეს ინფორმაცია და ვთხოვე ხმა ამოეღოთ. ეს ჩემი სოფელია, ტერიტორია ყოველთვის ბაღს ეკუთვნოდა და არ უნდა გასხვისდეს. როგორ შეიძლება, რომ ბავშვები დასასვენებელი და გასართობი სივრცის გარეშე დარჩნენ?”, – ამბობს ლოთიშვილი.

“მოზაიკა” ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს ესაუბრა. შოთა ვანიშვილი საბავშვო ბაღის ტერიტორიის გასხვისების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მხოლოდ ნახაზები გასწორდა

“გასხვისება ან გაყიდვა არ იგეგმება, უბრალოდ ნახაზებში იყო შეცდომა, რომელიც გასწორდა და ეგ სივრცე ისევ საბავშვო ბაღის საკუთრებაში რჩება”, – აღნიშნავს ვანიშვილი.

დატოვეთ კომენტარი