ოკუპანტების თავდასხმას ჭვრინისის მცხოვრევლებზე ოფიციალური თბილისი გააპროტესტებს დღეს ერგნეთში, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 112-ე შეხვედრა გაიმართება.
მძიმე ინციდენტი ჭვრინისის მიმდებარედ 21 აპრილს დაფიქსირდა, საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“ჩვენი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით იქნება ძალიან მკაცრი და მიეცემა უაღრესად მკაცრი შეფასება. იყო უკანონოდ დაკავების მცდელობა, რა დროსაც მოქალაქეს მიადგა ზიანი. ამგვარი ქმედება არის დაუშვებელი”, – განაცხადა ირაკლი ანთიძემ.
წინა შეხვედრიდან დღემდე, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს დაფიქსირებული ინციდენტების გარდა, ერთ-ერთი მთავარი თემა ბორდერიზაცია და უკანონო პატიმრების საკითხი იქნება.
ცხინვალის ციხეში სხვადასხვა გამოგონილი ბრალდებით ამ დრომდე 5 მოქალაქე რჩება. ცენტრალური ხელისუფლება მათ უპირობა გათავისუფლებას მოითხოვს.