ხაშურში, ფარნავაზის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებულ სკვერში მოქალაქეებმა ატრაქციონები დაზიანეს,- ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.
უწყება მოქალაქეებს მიმართავს და სთხოვს, რომ გაუფრთხილდნენ ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურას.
“სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მოქალაქეები უპასუხისმგებლობას იჩენენ მუნიციპალური ქონების მიმართ, რაც ხალხის საკუთრებაა. იოლად მისახვედრია და არ არის ზედმეტი ახსნა საჭირო, რომ აღნიშნული ატრაქციონები ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და ზრდასრულის წონაზე გათვლილი არ არის. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია მოგმართავთ თხოვნით, ნუ დააზიანებთ ქონებას, რომელიც მხოლოდ იმ დანიშნულებითაა შეძენილი, რომ თქვენვე, თქვენმა შვილებმა, უმცროსმა და-ძმებმა და თანაქალაქელებმა უნდა მოიხმარონ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ხაშურის მერიამ აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციაში ბიუჯეტიდან 259 457 ლარი დახარჯა.