34 წლის წინ მომხდარი მოვლენები გაიხსენეს შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში. გორში, ხაშურში, ქარელსა და კასპში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს გორში, 9 აპრილის სკვერში.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან მიხეილ შაყულაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მემორიალი ტიტებით შეამკეს. ასევე ჩატარდა გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი. აღნიშნული სკვერი, რომლის რეაბილიტაციაც ცოტა ხნის წინ დასრულდა, გორში რამდენიმე ათეული წლის წინ მოეწყო 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად, მემორიალთან იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ახალგაზრდები, რომლებმაც, 9 აპრილს დაღუპულებს, სიმბოლურად, წითელი ტიტებით მიაგეს პატივი. აღევლინა გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ქარელშიც. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მამა ლაზარემ დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები კასპში, მერაბ კოსტავას სახელობი სკვერში შეიკრიბნენ. გაიხსენეს და პატივი მიაგეს სამშობლოს თავისუფლებისათვის ტრაგიკულად დაღუპულებს. მთ მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
ინფორმაციისთვის, 1989 წლის 9 აპრილიდან 34 წელი გავიდა. ამ დღეს საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის ნაწილებმა სასტიკად დაარბიეს რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. ამ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.