ახალი ამბები

“შეიძლება ტრავმა მიიღო” – რა მდგომარეობაა ხაშურის რაგბის სტადიონზე (ფოტოები)

ასეთ ცუდ პირობებში ვარჯიშობენ ახალგაზრდა ხაშურელი მორაგბეები, – წერს “ხაშური სპორტი” და რაგბის სტადიონის ფოტოებს ავრცელებს. 

“მოედანი ძალიან უსწორმასწოროა, არის ტალახით დაფარული, აღინიშნება ბევრი პატარა ორმო, სადაც ფეხი რომ ჩაგივარდეს ტრავმის დიდი რისკია. ყველაზე მეტად სახიფათო რაც არის – სტადიონის საფარის რაღაც ნაწილზე საშუალო ზომის ქვები გვხდება, სადაც რომ წაიქცე სიცოცხლისთვის საშიშია. მოკლედ რომ აღვწეროთ რაგბისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო ამ მოედანზე ნამდვილად არ არის”, – ვკითხულობთ პოსტში. 

“ხაშური სპორტის” ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ  სტადიონი შემოღობა და გასახდელებიც გააკეთა, თუმცა მოედნის საფარი არ შეაკეთა.  

“2022 წლის ივნისში, დაიგეგმა, რომ 100 მოედნის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხაშურში მულტიფუნქციური სარაგბო კომპლექსი აშენდებოდა. მაშინ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა მოაწერეს. შესაბამისად ხაშური ახალი სტადიონის მოლოდინშია და ვიმედოვნებთ, რომ მალე ჩვენს ქალაქს რაგბის მოედანი ექნება”, – წერს “ხაშურის სპორტი”. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.