სტატიები

რა გახდა ბერშუეთში მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირების მიზეზი? – ვერსიები და შედეგები 

ბერშუეთში მოქალაქეებსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში განთავსებულ საგუშაგოზე მყოფმა სამართალდამცავებმა, ავტომობილით მოძრავ მოქალაქეს სატრანსპორტო საშუალების გაეჩერებისაკენ მოუწოდეს. მამაკაცის მხრიდან კი, დაუმორჩილებლობას ჰქონდა ადგილი.

მძღოლსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაში თანასოფლელებიც ჩაერთნენ, რაც საბოლოო ჯამში, პოლიციელებსა და სოფლის მცხოვრებლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ ოთხი პირი დააკავა. მათგან ორს შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება.

მათ ა.ს.კ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებიან,  რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის,  პოლიციელის,  კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ჯარიმას, ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

ორის წინააღმდეგ კი საქმე სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულ ორ პირს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.