6 აპრილი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა.
ეროვნული გმირს პატივი დღეს მშობლიურ სოფელში, კასპის რაიონის სოფელ სასირეთში მიაგეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელში იმყოფებოდა მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.
“ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა და ეროვნული გმირის ღვაწლი და საქართველოს წინაშე მისი დამსახურება კიდევ ერთხელ გაიხსენა. მინისტრმა მუზეუმს საჩუქარად გენერლის პორტრეტი გადასცა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მუზეუმში დაცული ექსპონატები, გენერლის ნივთები, მის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალაც დაათვალიერეს”, – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი 1871 წლის 6 აპრილს დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში დაიბადა. გენერალ მაზნიაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 26 მაისს მიენიჭა. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელი ეწოდა აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სამხედრო ლიცეუმს, რომლის მშენებლობა ამჟამად კრწანისში მიმდინარეობს.