ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ე.წ. “მოსამართლეების კლანის” დასანქცირებას გორში, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აფასებენ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნაზი დიდებელის განცხადებით, განვითარებული მოვლენები ხელისუფლების ჩამოშლას მოწმობს.
“კორუმპირებულ მოსამართლეთა დასანქცირებით აშშ-მ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ და რუსულ ოცნებას მიანიშნა, რომ შეწყვიტოს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და ხელი არ შეუშალოს საქართველოს ინტეგრაციას დასავლურ სტრუქტურებთან. ეს არის ხელისუფლების ჩამოშლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი. ოცნება ჩიხშია და მოუწევს ქართველი ხალხის ნების გათვალისწინება და ძალაუფლების დათმობა”, – აცხადებს ნაზი დიდებელი.
ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, სანქციები ბიძინა ივანიშვილსაც შეეხოს. ერთ-ერთი, ვინც ასე ფიქრობს, “რესპუბლიკური პარტიის” წევრი ლექსო ვალიაურია.
“როგორც ჩანს, შეერთებული შტატები დარწმუნდა, რომ საქართველოს სახელმწიფო მიტაცებულია ივანიშვილის მიერ და ამას ხელს უწყობს სასამართლო სისტემაში გამეფებული კლანი. ველოდები, რომ მომდევნო ეტაპზე უკვე მსგავსი სანქციები კიდევ უფრო მიუახლოვდება ბიძინა ივანიშვილს და თუ მაინც არ დათმობს ამ ქვეყნის მართვის სადავეებს, არ შეწყვეტს რუსეთისთვის საქართველოს გადაცემის პროცესს, აუცილებლად მოუწევს პერსონალურად მასაც დასანქციერება”, – აცხადებს ლექსო ვალიაური.
აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებას ქართველი ხალხის მხარდაჭერად აღიქვამს სამოქალაქო საზოგადოება. მაგალითად, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ამბობს, რომ ეს იყო ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის აღიარება და მხარდაჭერა ამერიკის მიერ.
“მოსამართლეების დასანქცირება დასტურია იმისა, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, აქ არის კლანი, რომელსაც გავლენა აქვთ სხვა მოსამართლეებზე. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამის გამოსასწორებლად და თუნდაც ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად. თუმცა დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს არსებობა პირველ რიგში საქართველოს, მისი მოქალაქეების ინტერესებშია. სანქციები ასევე წარმოადგენს მხარდაჭერას საქართველოს მოქალაქეებისადმი, მათი მისწრაფებისადმი იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში სადაც პატივს სცემენ კანონის უზენაესობას”, – აცხადებს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ლექსო მერებაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სანქციები დაედო საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასანქცირებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.