სტატიები

ვინ და რამდენად უსაფრთხოდ ქლორავს წყალს სოფელ მოხისში?

ვინ და რამდენად უსაფრთხოდ ქლორავს წყალს მოხისში – ეს საკითხი დისკუსიის მთავარ თემად იქცა ქარელის საკრებულოს იმ სხდომაზე, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ანგარიში განიხილებოდა.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ მოხისის დევნილთა დასახლებაში სასმელ წყალს მერის წარმომადგენელი, ოთარ ელიაშვილი ქლორავს. 

“რამდენჯერმე მე შევესწარი ამ ფაქტს. როგორც ვიცი, ამ ქლორს თავისი ნორმები აქვს, ზედმეტი თუ მოგივიდა, შეიძლება, წყალი მოიწამლოს. ვინ ახდენს ამის კონტროლს, იქნება ამ ფაქტით დაინტერესედეს ვინმე?!” – განაცხადა თამარ დიასამიძემ.

მის მსგავსად, სასმელი წყლის ვარგისიანობის შემოწმება მოითხოვა კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვასიკო ბაქრაძემ. 

“სოფლის რწმუნებული რამდენად კომპეტენტურია ამ საკითხში, ვინ უწევს ამას კონტროლს? დაუშვათ, რომ წყალი დაბინძურდა და ადამიანები მოიწამლენ, ვისი პასუხისმგებლობა დგება ამ დროს? სადმე ფიქსირდება, რომ სოფლებში სასმელ წყალს წარმომადგენლები ქლორავენ?”, – იკითხა პარტიის “საქართველოსთვის” წვერმა.

ზუსტი პასუხი ოპოზიციონერი დეპუტატების მმართველი გუნდის წარმომადგენლებს არ გაუციათ. მათ არც მერის წარმომადგენლის მიერ წყლის დაქლორვის ფაქტი უარყვეს. 

რაც შეეხება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, მისმა წარმომადგენელმა თქვა, რომ წყლის ვარგისიანობის კონტროლი მათ ფუნქცია-მოვალეობებში არ შედის. 

“წყლის კონტროლს ვერ ვახორციელებთ. ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. ჩვენ შეგვიძლია რეკომენდაციები გავცეთ მხოლოდ, თუ როგორ უნდა მოხდეს წყლის ხარისხის შემოწმება. ამისთვის არსებობს სურსათის უვნებლობის სამსახური და მათ უნდა მიმართოთ”, – აღნიშნა ირინე ფარეხელაშვილმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა. 

დისკუსის მიუხედავად, მთავარი კითხვა, თუ ვინ და რამდენად უსაფრთხოდ ქლორავს წყალს მოხისის დასახლებაში, საკრებულოს სხდომაზე უპასუხოდ დარჩა.

სხდომის დასრულების შემდეგ, “მოზაიკას” მოხისში მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელმაც საკითხზე ვრცლად საუბარი არ ისურვა. 

“მე არაფერს ვქროლავ”, – განაცხადა ოთარ ელიაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.