სტატიები

ბეტონის ჯუნგლებად ქცევის საფრთხეა – როგორ გასცემენ მშენებლობის ნებართვებს გორში?

გორის მერია ყოველწლიურად ასობით სამშენებლო ნებართვას გასცემს. ქალაქში, რომელიც სეისმურად აქტიურ ზონად ითვლება, მრავალსართულიანი კოსპურსები ინტენსიურად შენდება, თუმცა არავინ ჩქარობს იმის დადგენას, თუ რამდენად უსაფრთხოა ეს მოქალაქეებისთვის. დოკუმენტი, რომელსაც ამ კითხვისთვის პასუხი უნდა გაეცა, ამ დრომდე არ დაუმტკიცებიათ. გორს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ გააჩნია. 

Რატომ გაჭიანურდა გეგმის დამტკიცება, რამდენად უსაფრთხოა გეგმის გარეშე სამშენებლო ნებართვების გაცემა და როგორ ზიანდება ქალაქი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკით – სწორედ ამ კითხვებზე პასუხებს მოიცავს “მოზაიკას” ჟურნალისტური გამოძიება.

ვინ ვის შეუთანხმა ქალაქის ცენტრში კორპუსების აშენება?

ქალაქი, რომლის ერთ-ერთი მახასიათებელი სიმეტრიული განაშენიანება იყო, ნელ-ნელა ქაოტურ მშენებლობებში იკარგება. Ბოლო წლებში, სრულად შეიცვალა გორის ცენტრიც – ადმინისტრაციული შენობის უკან, იქ, სადაც ერთ დროს მწვანე სივრცე და დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლები იდგა, მრავალსართულიანი კორპუსები აშენდა.

“ჩვენი აზრი, რა თქმა უნდა. არავის უკითხავს, ეს კორპუსები ისე წამოჭიმეს. დაარღვიეს ქალაქის მიკროკლიმატი და დაგვიჩრდილეს მთელი ეზო. მზე ფაქტობრივად აღარ გვადგება და სირისტია”, – გვეუბნება ნათელა ამბოკაძე, რომელიც 30 წელია, ახალი კორპუსების მეზობლად, მდგომ სამ-სართულიან კორპუსში ცხოვრობს. 

Ნათელასთვის წინასწარ არავის უთქვამს, რომ მის მეზობლად მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავდნენ. ეს საკითხი ხელისუფლებისა და მაშინელი მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ოჯახის კომპანიის ურთიერთშეთანხმებით, მოქალაქეთა აზრის გათვალისწინების გარეშე გადაწყდა.

“მზეს მხოლოდ დილით ვხედავთ, მერე კორპუსები ეფარება და მთელი დღე ვართ ფაქტობრივად სიბნელეში. ძალიან სიმჭიდროვეა, ეზოში ვერ გაივლი, ჯერ მარტო იმდენი მანქანაა გაჩერებული. ხალხის აზრი არავის უკითხავს, ისე ააშენეს ეს კორპუსები, თორემ თანხომობას არავინ იტყოდა”,- გვეუბნება კიდევ ერთი ადგილობრივი, ნინა მოციქულაშვილი.

კურპუსების აშენებამდე
კორპუსების აშენების შემდეგ

Მოქალაქეთა თანხმობის გარეშე, მრავალსართულიანი კორპუსების აშენების ნებართვა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველად, 2017 წელს შპს “იბოლიას” მისცა, რომელმაც ადმინისტრაციული შენობის უკან 6-სართულიანი კორპუსი ააშენა. Მაშინდელი საკრებულოს წევრი, ირმა ამბარდნიშვილი იხსენებს, რომ ხელისუფლებას თანხმობის გაცემაში ხელი ვერც ოპოზიციამ შეუშალა. 

“კორპუსი მაღალია ადმინისტრაციულ შენობაზე, რომელიც არის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი, რაიხსტაგის ანალოგი და აქ ფილმებსაც იღებენ. მე საკრებულოს სხდომაზე მაშინ დავაყენე საკითხი და შემდეგი პასუხი მივიღე, მერე რა, გადაიღონ ფილმები, ეხლა თანამედროვე ტექნოლოგიებია და ამ მაღალ კორპუსს კომპიუტერული მონტაჟის შედაგად მოშლიანო. ადამიანებსაც ხომ არ აქვთ თვალებში ჩაყენებული მონტაჟის სისტემა, უსახური რომ არის ადმინისტრაცულ შენობაზე მაღალი კორპუსი, ამას ხომ ყოველ დღე ვუყურებთ?!”, – ამბობს ირმა ამბარდნიშვილი. 

Ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული შენობის უკან სხვა მაღალსართულიანი კორპუსებიც აშენდა, ამჯერად უკვე 8 სართულის სიმაღლის. საბოლოოდ კი, ზიანი მოქალაქეებთან ერთად, ქალაქსაც მიადგა, რადგან 6 და 8-სართულიანი კორპუსების აშენებით შეიცვალა ქალაქის იერ-სახე და დაირღვა უსაფრთხოების სტანდარტებიც – კორპუსის მიმდებარედ დარღვეულია ფეხით და მანქანით მოსიარულეთათვის მოწყობილი ტროტუარების განსაზღვრული სტანდარტი.

5 000 სამშენებლო ნებართვა 3 წელში – რა ხდება სეისმურად აქტიურ ზონაში?

Ბოლო სამ წელში, 2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების მიერ გაცემულია 5 000-ზე მეტი სამშენებლო ნებართვა. აღსანიშნავია, რომ გაცემული ნებართვების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 

  • 2018 წელს 538 ნებართვაა გაცემული;
  • 2019 წელს გაცემულია 864 ნებართვა;
  • 2020 წელს 1 284 ნებართვაა გაცემული;
  • 2021 წელს გაიცა 2 068 ნებართვა;
  • 2022 წლის იანვარ – ივნისში 250 ნებართვა გაიცა;

სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ქალაქი გორი სეისმურად აქტიურ ზონაშია, აქედან გამომდინარე, ის ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მშენებლობების კონტროლი მკაცრი უნდა იყოს. 

„თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ 9 და მეტსართულიანი კორპუსებიც აშენდეს სრული უსაფრთხოების ზომების დაცვით, თუმცა აქ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი. მხოლოდ მშენებელი კომპანიის კეთილ ნებაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. ამიტომ მნიშვნელოვანია კონტროლის მექანიზმები, რომელიც მათ შორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელშიც არის. მით უმეტეს, გორი სეისმურად აქტიურ ზონას განეკუთვნება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მხრივ სიფრთხილე“, – აცხადებს ზურაბ ჯავახიშვილი.

გორის მერს სამშენებლო ნებართვების გაცემის დროებით შეჩერება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომაც არაერთხელ ურჩია. საბჭომ პირდაპირ მიუთითა მერიას, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე შეწყვიტოს მრავალსართულიანი კორპუსების სამშენებლო ნებართვების გაცემა.

„საბჭომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ხმათა უმრავლესობით შეჯერდა შემდეგ რეკომენდაციაზე – გამოცხადდეს მორატორიუმი გორის ცენტრალურ უბნებში მრავალსართულიანი და მოსახლეობისათვის საფრთხის შემცველი შენობა ნაგებობების მშენებლობაზე, გორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო დამტკიცებამდე“, – აღნიშნულია გორის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ოქმში.

ერთ-ერთი, ვინც ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა საბჭოს წევრი თამარ კაპანაძეა.  Მისი თქმით, გენ.გეგმის არარსებობა იწვევს ქალაქის იერსახის დამახინჯებას და ქაოსურად განვითარებას.

„საფრთხე ექმნება ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, მოსახლეობისათვის განვითარების არათანაბარი პირობებისა და საფრთხის შემცველი გარემოს შექმნას, ქალაქის იერსახის დამახინჯებას, ქალაქის ქაოსურად განვითარებას, საფრთხის ქვეშ დგება მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოში ცხოვრების უფლება“, – ამბობს თამარ კაპანაძე.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა – თაროზე შემოდებული დოკუმენტი

დოკუმენტი, რომელმაც ქალაქის იერ-სახე და მოქალაქეთა უფლებები უნდა დაიცვას, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაა, რომლის დამტკიცებასაც ადგილობრივი ხელისუფლება არ ჩქარობს. 

“Მოზაიკამ” გაარკვია, რომ გეგმაზე მუშაობა 2017 წლიდან დაიწყო და 2019 წელს დასრულდა. Მისი შედგენისთვის, გორის მერიამ კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ 383 500 ლარიც გადაუხადა.

“თუ არ ვცდები, პოლონელების ჩართულობით მომზადდა გარკვეული მონახაზი, სადაც განსაზღვრული იყო, თუ სად რა უნდა აშენებულიყო. საუბარი ჰქონდათ კორპუსების სართულიანობასთან დაკავშირებითაც კი და ისეთი პირი უჩანდა, რომ უნდა დაემტკიცებინათ ეს ყველაფერი და ამის მიხედვით უნდა განხორციელებულიყო მშენებლობები, თუმცა, სამწუხაროდ, ამდენი დრო გავიდა და დღემდე არ არის დამტკიცებული ეს პროექტი”, – იხსენებს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ლექსო მერებაშვილი, რომელიც ამ გეგმის საჯარო განხილვას ჯერ კიდევ 4-5 წლის წინ დაესწრო. 

Მაშინ ქალაქის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი იყო, რომელიც აცხადებს, რომ 2019 წლისთვის ყველაფერი ბოლომდე იყო მიყვანილი, თუმცა შემდეგ, კანონში ცვლილებებმა დაბრკოლებები შექმნა, რის გამოც, საკრებულოზე საკითხის გატანა, მისი მერობის პერიოდში, ვეღარ მოხერხდა. 

„გეგმა მოიცავს ქალაქის განვითარების პერსპექტივებს, ასევე აკრძალვებს მშენებლობებთან დაკავშირებით, მაგალითად, თუ აკრძალულია  5-სართულიანზე მეტი კორპუსის მშენებლობა და მშენებელი კომპანია ითხოვს 9 სართულიანს, მას რომ სასამართლოში ეჩივლა, ჩვენ ხელში გვექნებოდა გენ.გეგმა, რომელიც არგუმენტი იქნებოდა. ეს დოკუმენტი უნდა იყოს სახელმძღვანელო, მაგის მიხედვით უნდა განისაზღვროს შეზღუდვები, ძალიან საჭირო დოკუმენტია“, – აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი.

Მერის ცვლილების შემდეგ, გეგმაზე მუშაობის პროცესი აღარ განახლებულა. დოკუმენტის დამტკიცების გაჭიანურების მიზეზი 2022 წელს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა ასე განმარტა:

„გეგმის საბოლოო დამტკიცებისათვის საჭიროა გარემოსდაცვითი სტრატეგიული ანგარიში, რომელიც უნდა დაერთოს დოკუმეტს. ეს არის პროექტი, რომელიც უნდა შექმნან ექსპერტთა ჯგუფმა, რომლის მცირე რესურსიც არსებობდა საქართველოს ბაზარზე. ამ ეტაპისთვის ბაზრის კვლევა ჩატარდა და ცნობილია, თუ ვინ შეასრულებს დამატებით სამუშაოებს. ამ ეტაპზე პროცესი შეჩერებულია და განახლდება ახალი წლის დასაწყისში“, – აღნიშნა გუჯა გეგელაშვილმა 2022 წელს. 

ახლა 2023 წლის აპრილის თვეა და როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, უწყებას ამ დრომდე ამ მიმართულებით შესყიდვა არ განუხორციელებია ანუ გენ.გეგმის სრულყოფის პროცესის დასრულების თარიღი კვლავ გაურკვეველია.

გორის მერია კი ამ საკითხზე ახსნა-განმარტებას აღარ აკეთებს და მხოლოდ 2 სიტყვით შემოიფარგლება:

„მუშაობა მიდის“, – ამბობს ნათია მდინარიძე, რომელიც გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია.

ვინ რა სარგებელს იღებს სამშენებლო ნებართვების ქაოტურად გაცემით?

ოპოციზია ფიქრობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გენერალური გეგმის დამტკიცებას განგებ აჭიანურებს. 

“ხელისუფლება განგებ აჭიანურებს ქალაქის დაგეგმარების გენერალური გეგმის დამტკიცებას, რათა მეტი სამშენებლო ნებართვის გაცემა მოასწროს ქართული ოცნების შემომწირველებზე და შესაბამისად მეტად გამდიდრდეს არაფორმალური გარიგებების გზით. მათ ინტერესებს ქალაქის იერსახე ეწირება, რომელიც შესაძლოა ცოტა ხანში აღარ აღმოჩნდეს საინტერესო დამთვალიერებლებისთვის”, – აცხადებს გორის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ანა ბალიაშვილი.

ანალოგიურად ფიქრობს პარტიის “საქართველოსთვის” წევრი მამუკა ფანიაშვილი. Მისი თქმით, მშენებლობების სწორად და ეფექტურად რეგულირების პოლიტიკური ნება “ქართულ ოცნებას” არ აქვს.

“სურთ რომ ეს უკანონოდ გაცემული მიწები რაც არის თავის დროზე , ბოლომდე მიიყვანონ და იქ აიღონ უკვე პროექტები და დაიწყოს უკანონო მშენებლობები. განაშენიაანების გეგმა ბუნებრივია რომ ამ პროცესს შეზღუდავს. ცდილობენ სანამ ხელისუფლებაში არიან, გამოიყენონ მაქსიმალურად და ააგონ უკანონო შენობები”, – აცხადებს გორის საკრებულოში ფრაქციას “გახარია საქართველოსთვის” წევრი მამუკა ფანიაშვილი.

კრიტიკის და პროტესტის მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლება სამშენებლო ნებართვების გაცემას არ წყვეტს.

გაცემული ნებართვების შესწავლიდან კი ირკვევა, რომ კომპანიებს შორის, რომლებმაც გორის მერიისგან სამშენებლო ნებართვები მიიღეს, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირებიც ფიგურირებენ:

  • შპს „ვაკამ“,„ვაკა ისტეიტსმა“ და „ბოლერო & კომპანიმ“, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვახტანგ კარიჭაშვილია, მშენებლობის ნებართვები მიიღო გორში წერეთლის 11-ში, ასევე გურამიშვილის 1-ში სასტუმროს აშენებისთვის;
  • შპს „ერედვი 2008“-მ, რომლის მფლობელიც არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიხეილ ვახტანგაშვილი. აღნიშნულმა კომპანიამ მიიღო ნებართვა კომერციული ობიექტის აშენებისთვის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში;
  • 2021 წელს შპს „დირიგომ“ მიიღო ნებართვა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის. აღნიშნული კომპანიის 50%-ს ფლობს გორის ყოფილი მაჟორიტარის და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველის იოსებ მაკრახიძის კომპანია „იბოლიას“ დამფუძნებელი და დირექტორი გოდერძი მიქავა, მეორე 50%-ს მფლობელი კი, გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მწვრთნელის ნუგზარ სხიერელის ოჯახია. აღნიშნული კომპანია კორპუსს გორში, სტალინის გამზირი N11-ს მიმდებარედ აშენებს;
  • შპს მპ დეველოპმენტი აშენებს გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ყოფილი კლინიკის ადგილზე მრავალფუნქციური დანიშნულების მრავალსართულიან კორპუსს – აღნიშნული კომპანიის დირექტორი ლევან ფხაკაძეა – ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული და წინასაარჩევნო პერიოდში მისი მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია;
  • 2020 წელს შპს „ბალა ჰაუსმა“ მიიღო ნებართვა მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტის მშენებლობისთვის ბაგრატიონის და ამილახვრის ქუჩებზე – აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთმა გორელმა პარტნიორმა ვლადიმერ გიგაურმა ამავე წელს „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა;
  • შპს „ვარსკვლავმა“ მიიღო სამშენებლო ნებართვა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის, რუსთაველის N88-ში, აღნიშნული კომპანიის დირექტორი და 45%-ს მფლობელი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენია, სწორედ მის რესტორნებთან ახორციელებს შესყიდვებს ყველაზე ხშირად გორის მერია, კანდელაკის ბიზნესპარტნიორი გიორგი ჯალაბაძეა, რომელმაც 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 25 000 ლარი შესწირა;

გამოსასწორებელი და გამოუსწორებელი შეცდომები

Სამოქალაქო სექტორი ფიქრობს, რომ ხელისუფლება საკუთარი არასწორი პოლიტიკით გამოუსწროებელ შეცდომებს უშვებს. Მათი თქმით, გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ კორპუსების ნაწილი უსაფრთხო ადგილას არ არის აშენებული ან რომ ისინი, ქალაქის ეფექტურ განვითარებას პრობლემას უქმნიან. Სექტორი შიშობს, რომ სწორედ ასეთი ფაქტები იქნება ის შეცდომები, რომლებიც ვეღარ გამოსწორდება. 

“ფაქტიურად თბილისიზაცია ხდება, ანუ შეიძლება ბეტონის ჯუნგლებად იქცეს მალე გორიც და ვხედავთ ამის გარკვეულ ნიშნებს. მათ შორის იმასაც, თუ როგორ არის საცობები წმინდაწყლის დასახლებაში, იგივე ჭავჭავაძის გამზირზე და თუნდაც რა ხდება საკრებულოს უკან”, – ამბობს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ლექსო მერებაშვილი. 

ის ფიქრობს, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა სასწრაფოდ უნდა დამტკიცდეს და ის მთავარ სახელმძღვანელო დოკუმენტად იქცეს. 

საცობი, წმინდაწყლის დასახლება

იგივეს ამბობს “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” გორის ფილიალის ხელმძღვანელი დაკო მურადაშვილიც, რომელიც ამავდროულად გორის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეცაა. 

Როგორც მურადაშვილი ამბობს, ხელისუფლებამ ახალი შეცდომა აღარ უნდა დაუშვას და არც ერთი სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი, გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, აღარ უნდა შეიმუშაოს. 

„ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ გეგმის არსებობა. თუ გენ.გეგმა არ არის დამტკიცებული და არ ვიცით, რისი გაკეთებაა შესაძლებელი ქალაქის მასშტაბით, გენ.გეგმის გარეშე ძალიან გაჭირდება სტრატეგიული დოკუმენტის მიღება. სასურველია, რომ რაც შეიძლება მალე დამტკიცდეს ეს გენგეგმა და ამაზე დაყრდნობით, შეიმუშავეს გარკვეული სტრატეგიული დოკუმენტი“, – განაცხადა დაკო მურადაშვილმა.

Როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თებერვალში გამოცემული დადგენილებით, მუნიციპალიტეტმა განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია უნდა შეიმუშაონ. ოპოზიცია და საზოგადოება ფიქრობს, რომ ამ სტრატეგიის შემუშავებას წინ სწორედ ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება უნდა უძღოდეს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.