ახალი ამბები

სურამში EU-ს გრანტით საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი გაიხსნება

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში ევროკავშირს და საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის გრანტით “საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი ” გაიხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას პროექტის ავტორი ლელა გიორგაძემ ავრცელებს.

“გახსოვთ, ზამთარში ორი გამოკითხვა რომ ჩავატარე? ჰოდა, გადავამუშავე ეს ინფორმაცია, მივეცი საპროექტო განაცხადის ფორმა, გავიარე კონკურსის ყველა ეტაპი და დღეს დადასტურდა, რომ მოვიპოვეთ ევროკავშირის გრანტი”, – წერს გიორგაძე. 

მისი ცნობით, 25 000 ლარიანი პროექტით გათვალისწინებულია ცენტრისთვის ავეჯისა და მოწყობილობების შეძენა და 6 კურსის დაფინანსება. კერძოდ, პროექტის ფარგლებში ადამიანენი უფასოდ გაივლიან შემდეგ კურსებს:

  • თემის გაძლიერება და ადგილობრივ მმართველობაში ჩართვა;
  • საოჯახო სასტუმროს სტანდარტები და მართვა;
  • ტურისტული კვების ობიექტის შექმნა და მართვა;
  • გარემოს დაცვა და ტყის მართვა;
  • ტურისტული გიდი;
  • აგრო ტურისტული ობიექტების მართვა.

“ამ უფასო კურსებს შორის იგეგმება სხვადასხვა სახის მასტერკლასები, ტრენინგები, აქტივობები თუ ინტელექტუალური საღამოები სიმბოლურ ფასად”, – წერს პროექტის ავტორი. 

ლელა გიორგაძის თქმით, ცენტრის მიზანი სურამსა და ცოცხნარაში საზოგადოების გაძლიერება და განვითარებაა. 

“ცენტრის მიზანია, რომ ერთ გუნდად შეკრას სურამისა და ცოცხნარას თემების სოფლები. კარგად მოხდეს ამ ორი თემის აგრო და ტურისტული პოტენციალის შესწავლა, გააზრება და გამოყენება. გაიზარდოს სურამის ტურისტული მომსახურების ხარისხი და მრავალფეროვნება და ხელი შეეწყოს სურამისა და ცოცხნარას თემების პოპულარიზაციას. საბოლოოდ კი, ამ ყველაფრის მიზანია შეიქმნას ამ ორი თემისგან თვითკმარი ტურისტული კლასტერი, რომელიც სრულ მომსახურებას გაუწევს თავის დამსვენებლებს თუ ტურისტებს.”

ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია იმ სივრცედ ყოფნაა, სადაც ადამიანები მუშაობას, შეხვედრების გამართვას და განვითარებას შეძლებენ. 

“აქვე ჩაგაყენებთ საქმის კურსში – იმისთვის, რომ ეს მომცრო გრანტი მაქსიმალურად გამოგვეყენებინა სურამის ინტერესებისთვის, არცერთი ჩვენგანი არანაირ ანაზღაურებას არ ვიღებთ ამ გრანტიდან. ჩვენი მიზანი იყო, პრეცედენტი შეგვექმნა და ევრო კავშირის პროექტი განგვეხორციელებინა ყველასგან მივიწყებულ სურამში”, – წერს ლელა გიორგაძე.

დატოვეთ კომენტარი