სტატიები

გორში, ქარელსა და ხაშურში სადროშე ბოძების ყიდვა ერთდროულად გადაწყვიტეს

გორის, ხაშურისა და ქარელის მერები სადროში ბოძების შესაძენად ჯამში 113 000 ლარამდე დახარჯავს. უწყებებს ბოძების შესაძენად ტენდერები აქვს გამოცხადებული.  

ყველაზე მეტი თანხა ამ მიმართულებით გორის მერიას აქვს გათვალისწინებული. 40 მეტრიანი ბოძის შესაძენად 70 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. 

გორის მერიას აღნიშნული ბოძის მონტაჟი დროშასთან ერთად, სტალინის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სურს.

“საქართველოს დროშა სტალინის ბაღის სამხრეთ ნაწილში , დიდების მუზეუმის სიახლოვეს აღიმართება”, – ამის შესახებ “მოზაიკას” გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. 

23 000 ლარი აქვს გათვალისწინებული ქარელის მერიას 20 მეტრიანი სადროშო ბოძის შესაძენად. ბოძის მონტაჟი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 45 დღეში უნდა დაასრულოს. 

სად განთავსდება აღნიშნული ბოძი, “მოზაიკამ” სცადა ქარელის მერიაში გაერკვია, თუმცა უწყების პრესსამსახურმა გვითხრა, რომ კითხვებით წერილობით უნდა მივმართოთ. 

“წერილობით მოგვამრთეთ და გიპასუხებთ. ასე პასუხს ვერ გაგცემთ”, – გვითხრეს ქარელის მერიაში. 

20 მეტრიან სადროშე ბოძს ყიდულობს ხაშურის მერიაც, რომელსაც ამ მიმართულებით, 20 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. მერიაში განმარტავენ, რომ ბოძის დადგმა დაგემილია პოლიციის შენობასთან ახლოს.

“ხაშურის გეოგრაფიული ძეგლთან, პოლიციის შენობასთან ახლოს, ეს არის ადგილი, საიდანაც იყოფა გზა სამხრეთ საქართველოსკენ, დასავლეთ საქართველოსკენ, აღმოსავლეთ საქართველოსკენ მიმავალი”. ამ მონაკვეთზე განთავსდება ბოძი,- განმარტეს ხაშურის მერიაში. 

ინფორმაციისთვის, როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, საქართველოში აღნიშნული მიმართულებით მომუშავე კომპანიები თითქმის არ არიან. მაგალითად, ერთ-ერთ კომპანიას სადროშე ბოძები საზღვარგარეთიდან შემოაქვს და 20 მეტრიანი ბოძის მიწოდება-მონტაჟი საშუალოდ 25 000 ლარამდე ჯდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.