სტატიები

შიდა ქართლის გუბერნატორს ახალი მანქანა გადაეცა – შეცვლის საჭიროება და შეფასებები 

“მოძველებული ავტოპარკი” – ასე ახსნეს შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში სახელმწიფოსგან ახალი ავტომობილის გადაცემა. 

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გუბერნატორებისა და მუნიციპალიტეტების მერებისთვის 54 ახალი მანქანა იყიდეს. რისთვისაც ჯამში დეკემბერში სულ 4 მლნ ლარია დახარჯული.

“მოძველებული იყო ავტოპარკი, ხარჯები იყო დიდი, სასურველი იყო, რომ უფრო ეკონომიურ  ამიტომ საჭიროდ ჩათვლეს, რომ ახალი ავტომანქანა გადმოეცათ”, – განმარტეს შიდა ქართლის გუბერნიაში. 

“მთავრობას არ აინტერესებს, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და თანამდებობებზე მყოფი პირების კომფორტზე ზრუნავს”,  – ასე აფასებეს ოპოზიცია ახალი ავტომობილების შეძენას. 

ფრაქციის “გორი-საქართველოსთვის” წევრი გორის საკრებულოში, მამუკა ფანიაშვილი ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება გააგრძელებს საკუთარი კომფორტისთვის ზრუნვას, მას მომავალ არჩევნებში მოსახლეობა გასცემს პასუხს. 

“როდესაც ასე, გეგმაზომიერად, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტისთვის შენ ცვლი მანქანებს, ახლებს ყიდულობ ყველა ჩინოვნიკისთვის, მაშინ როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქეები ოჯახების სარჩენად მიდიან აშშ-ში ძალიან რთული გზით, მიდიან ევროპაში, იმისთვის რომ თავს უშველოს. ამ დროს თავს აძლევ იმის უფლებას, რომ ჩინოვნიკებს ფუფუნება შეუქმნა, ვფიქრობ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ან ვერ აღიქვამ შენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას ან არ გაინტერესებს შენი ხალხის ბედი და ზრუნავ, მხოლოდ საკუთარ მომხრეებზე”, – ამბობს მამუკა ფანიაშვილი. 

“მე ვფიქრობ გუბერნიების არსებობა სრულიად ზედმეტია, არაფერს არ აკეთებენ გუბერნატორები საიმისოდ რომ ბიუჯეტიდან თანხები იხარჯებოდეს და მითუმეტეს გაუმართლებელია მათი კომფორტული გადაადგილებისთვის თანხების გახარჯვა იმ ფონზე, როცა რეგიონში ძალიან ბევრი პრობლემაა, როგორც ინფრასტრუქტურის ისე სოციალური მიმართულები”, – ამბობს ეკატერინე პაპუაშვილი ენმ-ს წევრი, ხაშურის საკრებულოში. 

ახალი ავტომობილები ერთ კვირაზე მეტია რეგიონებში დაარიგეს. თითოეული ავტომობილის ღირებულება 80 000 ლარს სცდება.

შიდა ქართლის გუბერნატორს ახალი ავტომობილი ჰყავს 

დატოვეთ კომენტარი