ახალი ამბები

თეატრის ფლიგელები საპირფარეშოდ აქციეს – ადმინისტრაცია შემოღობვის მიზეზებს განმარტავს

გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის შენობის გვერდითა ფასადებს დამცავი ბადე შემოაკრეს, რადგან კედლიდან და სვეტებიდან ფილები ცვივა, – ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად თეატრის მსახიობმა კობა კოპაძემ, სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ირკვევა, რომ დამცავი ბადეების გაკეთების კიდევ ერთი მიზეზი მოქალაქეების მხრიდან ფლიგელების საპირფარეშოდ გამოყენების ფაქტებია.

თეატრის შეობაზე დამცავ ბადეებთან ერთად, სათვალთვალო კამერებიც დაამონტაჟეს. საკითხთან დაკავშირებით ერისთავის სახელობის თეატრი განცხადებას ავრცელებს.

“რაც შეეხება ფასადის გადაღობვის ერთ-ერთ მიზეზს, გარდა დასახელებულისა – ამაზე ხმამაღლა ლაპარაკისგან თავს ვიკავებდით. თქვენთვის ისედაც ცნობილია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა ეს ფლიგელები უფასო ტუალეტად გადააქციეს, უკვე წლებია”, – ვკითხულობთ თეატრის განცხადებაში.

ამავე განცხადებიდან ვიგებთ, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს  საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადება თეატრის შენობის რეაბილიტაციისთვის. 

“რაც შეეხება შენობის რეაბილიტაციის საკითხს მოგახსენებთ რომ – პირველ ეტაპზე ანუ ამ დრომდე მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადება (სიტუაციური გეგმა; ტერიტორიის ტოპო გეგმა; არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომები კროკები, ლოკალურ დაზიანებათა დატანით; ისტორიული ფასადებისა და დარბაზის სკანირება; საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევა; საშენ მასალათა კვლევა და.ა.შ) რათა ისტორიული ძეგლის, პირვანდელი სახის დაცვით აღდგენისათვის საჭირო ყველა შემდგომი ეტაპი დაძლეული იყოს სტანდარტის შესაბამისად.”

დატოვეთ კომენტარი