გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით კასპში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნა, სადაც ადგილობრივები სხვადასხვა პროფესიებს ეუფლებიან.
პროექტი DVV International – ის მიერ ხორციელდება, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს ახალი პროფესიის ათვისება შეუძლია. ცენტრს სალომე მუხიგულაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც სკოლის ასაკიდან არასამთავრობო სექტორში მუშაობს და არაფორმალურ განათლების სიკეთეებს ახლა სხვებსაც უზიარებს.
“არაფორმალური გარემო და არასამთავრობოებთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მე-10 კლასიდან ჩართული ვარ არაფორმალური განათლების საკითხებში, ვმონაწილეობდი ახალგაზრდულ საკრებულოში, ეს იყო ჩემი პირველი სოციალური აქტივობა, რომელიც NGO-ს მიერ ფინანსდებოდა. შემდეგ იყო სათემო ორგანიზაცია “კომლთან” კომუნიკაცია. ამ ორგანიზაციამ კიდევ უფრო დამაახლოვა არასამთავრობო სექტორთან, რასაც არაფორმალური გარემო ჰქვია მაჩვენა სწორედ ამ ორგანიზაციამ”, – იხსენებს სალომე.
სალომემ განათლება ტურიზმის მიმართულებით მიიღო. ახლა კი ახალ სპეციალობას, სკოლამდელ აღზრდას ეუფლება. ცენტრში მუშაობა მოხალისეობრივად დაიწყო. ამბობს, რომ ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნას არ ელოდა.
“ზრდასრულთა განათლების ცენტრში საწყის ეტაპზე მოხალისეობრივად დავიწყე მუშაობა. არ მიფიქრია, რომ ეს ორგანიზაცია ამიყვანდა სამუშაოდ და მითუმეტეს დირექტორის პოზიციაზე. ვეხმარებოდი ჩემი რესურსით და გამოცდილებით. შემდეგ ჩაატარეს კონკურსი. გასაუბრებიდან ერთი თვის თავზე კი გავიგე რომ დირექტორის პოზიციაზე ამაჩიეს. აქ ისწავლება ხუთი მიმართულება, ჭრა – კერვის კურსი, ინგლისური, საოფისე პროგრამები, სოციალური მედია მარკეტინგი და ასევე ფინანსური წიგნიერება. ყველა კურსი ფინანსდება და მსურველებისთვის გახლავთ უფასო”, – გვიყვება ის.
სალომე ფიქრობს, რომ მსგავსი პროგრამების არსებობა პატარა ქალაქებისთვის მნიშვნელოვანია და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ამ მხრივ დიდია.
“ჩვენი ცენტრი ზრუნავს ზრდასრულებზე, რომ მათ შეისწავლონ ახალი პროფესიები და დაეუფლონ მათ. აქ ასევე არის ის კატეგორია, რომელიც მუშაობს და სამსახურში სჭირდება ის კომპეტენციები, რასაც ჩვენი კურსები აძლევს, მაგრამ არიან ისეთი ბენეფიციარები, რომლებიც არ მუშაობენ, სხვა პროფესიის არიან და ისინი უბრალოდ ვერ საქმდებიან. ჩვენ ვთავაზობთ დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს და მიმართულებებს, სრულიად უფასოდ, მას DVV International – ი აფინანსებს. ჩვენი პრიორიტეტი თემის განვითარებაა”, – ამბობს სალომე
სალომეს სურვილია მომავალში კასპს საკუთარი ტელევიზია ჰქონდეს, რომელიც ამ მიმართულებით დასაქმების ადგილებს გააჩენს და ადგილობრივები სხვა ქალაქებში აღარ დაიწყებენ სამსახურის ძიებას.
“კასპს არ აქვს ტელევიზია, თუმცა ადრე ჰქონდა. ეს ინფორმაციული ვაკუუმი ერთგვარად არის ჩვენი მოსახლეობის პრობლემა. ჩვენ გვყავს კვალიფიციური ჟურნალისტები და ოპერატორები, თუ აქ ადგილზე გვექნება ტელევიზია ესენი აღარ წავლენ სხვა ქალაქებში და აქვე დასაქმდებიან, ასეთი ცენტრის არსებობა გამიხარდებოდა ჩემს ქალაქში”, – ამბობს ის.