საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში მცხოვრებ მარიამ მარიამიძეს დათა პაპას სახელობის სტიპენდია დაენიშნა, – ინფორმაცია ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ გაავრცელა.
კეკელიძის თქმით, მარიამი ილიას უნივერსიტეტში სწავლობს და სასწავლო პროცესში გარკვეული სახის დახმარება სჭირდებოდა.
“სოფელ დიციდან წერილი მივიღე, მარიამ მარიამიძე, რომელიც სპეციალური საჭიროების შესანიშნავი გოგოა და ილიას უნივერსიტეტში სწავლობს, სადაც შაბათობით აქვს შესაბამისი გრაფიკი, სწავლის პროცესში მცირე ხელის გამართვას გვთხოვდა. მიხარია, რომ გამოჩნდა ადამიანი, ვინც გვერდით დაგვიდგა და მარიამი დღეიდან დათას პაპას სტიპენდიანტია”, – წერს კეკელიძე.
ინფორმაციისთვის, დათა პაპას სახელობის სტიპენდია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს ენიშნებათ. აღნიშნული სტიპენდია გურული დღიურების ფონდის ფარგლებში ორი წლის წინ დაწესდა.