სტატიები

19 წარმატებული საქმე 4 თვეში – ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში 

პოლიციელების მიერ უსაფუძვლოდ დაჯარიმებული მოქალაქე გამართლდა, ცხინვალიდან დევნილმა საცხოვრებელი მიიღო, ორი საჯარო მოხელე სამსახურში აღდგა, – ეს იმ საქმეების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ადამიანის უფლებათა ცეტრმა 4 თვეში წარმატებით დაასრულა. 

ორგანიაზაციის ანგარიშში მოხვდა, ისეთი საქმეები, როგორიცაა უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა, საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობა, მრავალწლიანი დავის მორიგებით დასრულება და ასე შემდეგ. 

“მოზაიკა” გთავაზობთ, იმ საქმეების ჩამონათვალს, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრმა გორის რაიონულ სასამართლოში წარმატებით დაასრულა:

პოლიციელების მიერ უსაფუძვლოდ დაჯარიმებული მოქალაქე გამართლდა

2022 წლის 21 ნოემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქე ნ. ყ.-ს ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი საპატრულო პოლიციელის მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობას და მართვის უფლების აღდგენას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ მან განუცხადა პოლიციელებს, რომ არ იყო მთვრალი და წარადგინა კიდეც შესაბამისი საექსპერტო დასკვნა უწყებაში, მას მაინც გამოუწერეს საჯარიმო ქვითარი და შეუჩერეს მართვის უფლება 6 თვის ვადით. გორის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო საპატრულო პოლიციის მიერ უკანონოდ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი და მოქალაქეს აღუდგა მართვის უფლება.

ორი საჯარო მოხელე სამსახურში აღდგა და ერთ-ერთს განაცდურიც აუნაზღაურდება

გორის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილდა გ. წ.-ს სამოქალაქო სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი ააიპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ბრძანებები გ. წ.-თვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი ამავე სააგენტოს ბრძანება გ.წ.-სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და სააგენტოს დაევალა უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე და მისთვის განაცდურის ანაზღაურება.  


“2022 წლის ივნისის თვეში გ. წ. მოულოდნელად გაათავისუფლეს ააიპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოდან. გათავისუფლებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მას ჩაბარდა როგორც გათავისუფლების ბრძანება, ისე მანამდე მისთვის უცნობი ბრძანებები დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ”, – ნათქვამია ანგარიშში. 

2023 წლის 15 თებერვალს გორის რაიონულმა სასამართლომ განჩინებით დაამტკიცა ააიპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსა და ნ. გ.-ს შორის დადებული მორიგების პირობები. მორიგების აქტის შესაბამისად, დასაქმებული აღდგა გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე, ხოლო ნ.გ.-მ, თავის მხრივ,  უარი თქვა განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნაზე. 

ექვსწლიანი დავა მხარეებს შორის მორიგებით დასრულდა

2023 წლის 31 იანვარს გორის რაიონულ სასამართლოში მოსარჩელე ო. გ.-ს, მოპასუხეებს ო.ბ.-სა და თ.ვ.-ს შორის შედგა მორიგება და ამგვარად დასრულდა 2017 წლიდან დაწყებული დავა მხარეთა შორის. მოსარჩელემ გამოთქვა თანხმობა 2600 ლარის ნაცვლად მოპასუხეებისაგან მიეღო 1833 ლარი. მორიგების აქტის გაფორმების ნაცვლად მოსარჩელემ შეამცირა საკუთარი სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხეებმა სცნეს იგი.

წარმატებით დასრულებული შრომითი დავები გორის ჰოსპიტლის წინააღმდეგ 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის წარმოებაშია 4 დავა გორის სამხედრო ჰოსპიტლის წინააღმდეგ. აქედან 3 შეეხება უკანონოდ გათავისუფლების საკითხს, ხოლო 1 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების ბათილობას. საანგარიშო პერიოდში 3 საქმე წარმატებით დასრულდა, ხოლო ერთის განხილვა კვლავ მიმდინარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში .

ინფორმაციისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით 19 საქმე დაასრულა წარმატებით. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.