2023 წელს ხაშურის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, – უთხრა “მოზაიკას” ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა თათია ძინძიბაძემ.
მისი თქმით, მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტებიდან გამორჩეული მნიშვნელობის ზემო სერის ტყე-პარკის რეაბილიტაციის პროექტია.
“ზემო სერის ტყე-პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები თანადაფინანსებით ხორციელდება და თანხა 803 897 ლარს შეადგენს. რეაბილიტირებული ტყე-პარკი გართობისა და დასვენების საშუალებას მისცემს როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს, ასევე, სტუმრებს”, – გვითხრა ძინძიბაძემ.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს ნაბახტევში გზის მშენებლობა მთლიან სოფელს მოიცავს,
“პროექტის ფარგლებში იგება ორი ფენა ასფალტის საფარი, ეწყობა გზის დამცავი კედლები, გაბიონები, სანიაღვრე არხები და მილ-ხიდები. სამუშაოები, რომელთა ღირებულება 1 840 009 ლარს შეადგენს, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტი მთლიან სოფელს მოიცავს. მოწყობილი გზით 900-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს”.
როგორც ძინძიბაძე ამბობს, გზის მშენებლობები გრძელდება ვაყის მიმართულებითაც.
“სოფელ ვაყიდან სოფელ ტკოცამდე გზის მშენებლობის სამუშაოებისთვის გათვალისწინებულია 965 505 ლარი. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის გზა არასდროს ყოფილა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის გარკვეულ ბარიერებს ქმნიდა, ამჯერად კი მოწყობილი ინფრასტრუქტურა, სოფლის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს მკვეთრად გაუუმჯობესებს.”
რაც შეეხება უშუალოდ ქალაქში არსებულ საგზაო ინსფრასტრუქტურას, ძინძიბაძის თქმით, სამუშაოები წყლისა და კანალიზაციის პროექტზეა დამოკიდებული.
“რადგანაც ქალაქ ხაშურში უნდა განხორციელდეს წყლის და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის პროექტი, ამ ეტაპზე ქალაქის გზების რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, თუმცა, პროექტის დაწყებისთანავე, პარალელურ რეჟიმში, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია მოაწესრიგებს საგზაო ინფრასტრუქტურას”.