“მოზაიკას” მიერ მომზადებული მასალის შემდეგ, ხაშურის მერიამ სასმელი წყლის პროექტის დაწყების დასტურად, ხელმოწერილი დოკუმენტები გამოაქვეყნა. უწყებამ აღნიშნული დოკუმენტების გასაჯაროება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც”მოზაიკამ” მოამზადა სტატია: “ხელმოწერილი დოკუმენტი გვაჩვენეთ” – ხაშურელებს მერიის დაპირების არ სჯერათ.”
“ხაშურის მერია მოქალაქეებს არაერთხელ დაპირდა, რომ მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის საკითხი გადაწყდებოდა. ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია ამის შესახებ უწყებამ მერიის ფეისბუქ გვერზდე გამოაქვეყნა, სადაც მოსახლეობას აცნობა, რომ წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია და სამუშაოები მალე დაიწყება, თუმცა მოსახლოების ნაწილს მერიის დაპირების არ სჯერა”, – წერდა მასალაში “მოზაიკა” და იმ მოქალაქეების მოთხოვნას ავრცელებდა, რომლებიც ხაშურიას მერიას ხელმოწერილი დოკუმენტის გასაჯაროებას სთხოვდნენ.
სწორედ მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზე დაწერილი მასალის გამო, “მოზაიკა” ხაშურის მერიის კრიტიკის საგანი გახდა. უწყება მედიასაშუალების დისკრედიტაციას საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული წერილით შეეცადა.
“სხვა მიზანი, გარდა დისკრედიტაციისა, ამ წერილს არ ჰქონია. ამ წერილში ისე ჩანს, თითქოს ხაშურის მერია გაბრაზდა იმის გამო, რომ “მოზაიკამ” მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზე მასალა მოამზადა და ხელმოწერილი დოკუმენტის გასაჯაროების საჭიროება გამოკვეთა. თუმცა ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ მასალას შედეგი მოჰყვა და მოქალაქეებისთვის ახლა ხელმისაწვდომია ის დოკუმენტი, რომელიც მათ აინტერესებდათ და რომელიც მათ ცხოვრების ხარისხს ეხება”, – ამბობს “მოზაიკას” დირექტორი, გვანცა დოლუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების” პროექტი საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (AFD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოებისთვის გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ ხელშეკრულება გაუფორმა ტენდერში გამარჯვებულ თურქულ კომპანიას.
პროექტის მიმდინარეობას “მოზაიკა” მომავალშიც დააკვირდება.