ახალი ამბები

“მოვუწოდებთ ავტორებს გაიწვიონ კანონპროექტი” – ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებლები 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, არ განიხილონ “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტი. 

პედაგოგები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას. 

მასწავლებლების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ჩვენ, საქართველოს მასწავლებლები, უკიდურესად შეწუხებულნი ვართ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანს მოუტანს მის უდიდეს უმრავლესობას. რაც მთავარია, მისი განხილვაც კი, საფრთხეს უქმნის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ავტორებს გაიწვიონ აღნიშნული კანონპროექტი;

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და მმართველ პარტიას, არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს. ამავდროულად, მოვუწოდებთ საჯარო უწყებებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ ხმა აიმაღლონ არსებული კანონპროექტის წინააღმდეგ.

და ბოლოს, მოვუწოდებთ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ჩვენს კოლეგებს, გამოხატონ თავიანთი პროტესტი, რათა არ დავუშვათ აღნიშნული კანონპროექტის მიღება.

დატოვეთ კომენტარი