ქარელში მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის საჭიროებაზე ხელისუფლებას და ოპოზიციას განსხვავებული შეხედულება აქვს. ოპოზიცია ცენტრის გახსნას ახალგაზრდების კულტურული განვითარების შესაძლებლობად მიიჩნევს, თუმცა ქარელის მერი ამბობს, რომ მისი მმართველობის პერიოდში ცენტრის გახსნა აღარ მოხდება.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ვასიკო ბაქრაძის თქმით, ცენტრის დახურვით, ქარელელი ახალგაზრდები სხვადასხვა წრეებზე უფასოდ სიარულის შესაძლებლობის გარეშე დარჩნენ.
“მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში იყო ძალიან ბევრი წრეები, რომლებიც დღეს აღარ ფუნქციონირებს. თავის დროზე ამ წრეების ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა ღონისძიებებში, როგორიც იყო 9 აპრილი, 26 მაისი და სხვა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ცენტრი იყო ძალიან საჭირო და ფუნქციური”, – ამბობს ვასიკო ბაქრაძე.
მის საპასუხოდ, ქარელის მერი ამბობს, რომ ცენტრი აღარ გაიხსნება, რადგან ამის საჭიროება მუნიციპალიტეტში არ არსებობს.
“ეს წრეები დღეს მოთხოვნადი აღარ არის. ერთი მშობელის წერილიც არ არის შემოსული ამ წრეების აღდგენის მოთხოვნით. ხალხი რასაც ითხოვდა, ეს იყო საგალობელის და ქართულ ხალხური მუსიკის წრის გახსნა, რაც გავხსენით კიდეც. კიდევ ბევრი გაიხსნება, თუ ამის მოთხოვნა მოსახლეობიდან იქნება, თუმცა ცენტრის კვლავ აღდგენა არ მოხდება, სანამ მე ქარელის მერი ვიქნები”, – თქვა ზაზა გულიაშვილმა.
ზაზა გულიაშვილის ეს განცხადება, ვასიკო ბაქრაძის თქმით იმ პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელებაა, რომლითაც ცენტრი გააუქმეს. ინფორმაციისთვის, ქარელში მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი სწორედ იმ პერიოდში განვითარდა, როდესაც კულტურის სამსახურს ბაქრაძე ხელმძღვანელობდა.
ამ ორ ფაქტს შორის კავშირს თავად ქარელის მერი უარყოფს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება აუდიტის დაკსვნის საფუძველზე მიიღო.
“აუდიტის გამოგვიგზავნა დასკვა, სადაც დაწვრილებით წერია ის რეკომენდაციები, რის გათვალისწინებასაც გვთხოვდა და რის საფუძველზეც მოხდა მოსწავლე ახალგაზდრობის ცენტრის გაუქმება”, – განმარტა გულიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ქარელის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი 2022 წელს გაუქმდა და შედეგად, სამსახურის გარეშე 6 ადამიანი დარჩა.