ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია გამოეხმაურეა “მომავლის სახლის” შესახებ გავრცლებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ აღნიშნული სახლის ბენეფიციარებს საცხოვრებელი ფართის პრობლემა აქვთ. ინფორმაცია ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ზაზა მეხრიშვილმა გაავრცელა.
ხაშურის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტი არსებული რესურსებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ცდილობს დაეხმაროს სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს. მათ შორის, ერთ–ერთი პირველი რიგის ამოცანაა შშმ პირების მხარდაჭერა.
“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „მომავლის სახლის“ ხელმძღვანელებს, ბენეფიციარებს თუ მათს მშობლებს (ვუდასტურებთ ჩვენს პატივისცემას) მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ. სწორედ რომ პირიქით. ამიტომ გვჯერა, რომ ნებისმიერი გაუგებლობის თუ პრობლემის მოგვარება სწორედ მათთან პირდაპირი კომუნიკაციით არის შესაძლებელი და ასეც იქნება”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ მერიას სურდა აღნიშნული სახლის კომუნალური გადასახადები დაეფარა, თუმცა ორგანიზაციამ ვერ მოახერხა მერიაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა.
“მიუხედავად მუნიციპალიტეტის დიდი სურვილისა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა „მომავლის სახლის“ კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფა, რადგან ორგანიზაციამ ვერ მოახერხა მერიაში სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენა. აქვე ვადასტურებთ, რომ ეს შეთავაზება დღესაც ძალაშია და მოწესრიგებული დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობებში, საკითხი აუცილებლად გააქტიურდება”, – განმარტავენ ხაშურის მერიაში.
რაც ეხება ფართის გადაცემის პრობლემას, ხაშურის მერიაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტს ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოუხსნია, თუმცა საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, „მომავლის სახლისთვის“ შესაბამისი ფართის მონახვა დაგეგმილზე ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა.