სტატიები

ვისგან და რამდენად ყიდულობენ შიდა ქართლის მერიები ახალი ამბების მომსახურებას

ადგილობრივი ხელისუფლებები ინფორმაციის გავრცელებისთვის სხვადასხვა მედიების ფასიანი მომსახურებით სარგებლობენ. ამ მიმართულებით, მაგალითად შიდა ქართლის 3 მუნიციპალიტეტის მერია წლის განმავლობაში საშუალოდ 15 000 ლარს ხარჯავს.

სახელმწიფო შესყდივების ვებგვერდზე ატვირთული ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ გორის, ხაშურის და ქარელის მერიები პრესრელიზების და ანონსების გავრცელების მიზნით, სხვადასხვა მედია საშულებებთან თანამშრომლობენ. 

გორის მერია 4 899 ლარიანი ხელშეკრულება აქვს დადებული შპს “ახალ ამბებთან”.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა შპს-ს “ახალი ამბები”, რომელიც “პალიტრა-ჰოლდინგის” ერთ-ერთი კომპანიაა. ხელშეკრულება ერთწლიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში “ახალი ამბების” სააგენტო, გორის მერიის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ გაავრცელებს ინფორმაციას.

ხაშურის მერიას 4 950 ლარიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული “თავისუფალ გაზეთთან”.

დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულების საგანია ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით საინფორმაციო მომსახურების გაწევა სააგენტოების  www.ipress.ge, www.ibusiness.ge, www.iregions.ge, www.imtavroba.ge -ის საშუალებით.

ქარელის მერიას 4 800 ლარიანი ხელშეკრულება აქვს დადებული შპს “კვირასთან.

ხელშეკრულების მიხედვით, შპს “კვირამ” 2023 წელს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ანონსები და პრესრელიზები უნდა გაავრცელოს www.kvira.ge – ზე, შპს “კვირას” გადამღები ჯგუფის მიერ გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალის დართვით. ერთი თვის მომსახურების ღირებულება 400 ლარი.

სახელმწიფო შესყდვების ვებგვერდის მიხედვით, კასპის მერიას მსგავსი მომსახურება ამ დროისთვის შეძენილი არ აქვს.

სახელმწიფო შესყდვების ვებგვერდზე არც გამარტივებულ შესყიდვებში და არც ელექტრონულ ტენდერებში არ არის ატვირთული დოკუმენტაცია, რომელიც კასპის მერიის მიერ ახალი ამბების მომსახურების შესყიდვას დაადასტურებს, თუმცა კასპიის მერია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აზიარებს საინფორმაციო სააგენტოების reportiori.ge-სა  და region.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციებს.


საინფორმაციო სააგენტოების გარდა, ხელისუფლება ინფორმაციის გავრცელებისთვის სოციალურ ქსელსაც იყენებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხას პოსტების დარეკლამებისთვისაც ხარჯავს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.