გადავედით პროტესტის აქტიურ ფაზაზე – გვითხრა ენმ-ის წევრმა ანი ბალიაშვილმა, რომელიც პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, დღეს თბილისში დაანონსებულ აქციას უერთდება.
“პირველი ამოცანაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადავარჩინოთ. ამისთვის გამოვიყენებთ პროტესტის ყველანაირ ხერხს. ჩვენმა წევრებმა პროტესტის ნიშნად შეწყვიტეს საპარლამენტო მუშაობა და გავდივართ ქუჩაში”, – განაცხადა ანი ბალიაშივილმა, ენმ-ის წევრმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
ენმ-ის წევრები საპროტესტო აქციაზე გასვლისკენ მოქალაქეებსაც მოუწოდებენ. პარტიის ხაშურის ოფისის წევრის, ეკა პაპუაშვილის სიტყვებით, “ბრძოლა იქნება ბოლომდე!”.
საპროტესტო აქცია თბილისში პარტიის ახალარჩეულმა თავმდჯომარემ ბრიფინგზე დაანონსა, სადაც განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საგანგებო რეჟიმზე გადადის.
“ყველა რეგიონში მოვიწოდებ პარტიის თავმჯდომარეებს, ფრაქციის თავმჯდომარეებსა და სხვა წევრებს, რომ მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი, ასევე დაიგეგმება რეგიონებში სხვადასხვა აქტივობები. ნაციონალური მოძრაობა აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას. ჩვენ ასევე ვაპირებთ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრას, რათა გაძლიერდეს მათი მხრიდანაც წნეხი “ქართულ ოცნებაზე”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემდეგ, საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განცხადება გაავრცელა პარტიამ “სტრატეგია-აღმაშენებელი”. პარტიის ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს და საზოგადოებას აცნობეს, რომ ისინი ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნას ემხრობიან.
რაც შეეხება საპარლამენტო მანდატებს, ენმ-ში ამბობენ, რომ პროტესტის ერთ-ერთ ფორმად მანდატების დატოვებაც განიხილება, თუმცა ჯერჯერობით საუბარი არ არის ოპოზიციის მიერ ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების დატოვებაზე.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ბოიკოტი და საპროტესტო გამოსვლები გუშინდელ სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრეს.