სტატიები

“გზის გადატანით შემოსავლის გარეშე დავრჩებით” – რა ელის სურამის ნაზუქების ბიზნესს?

“სურამის ცენტრალური გზის გადატანით ადგილობრივები შემოსავლის გარეშე ვრჩებით”, – ამბობენ ადამიანები, რომლებიც ოჯახებს ნაზუქების და ჰამაკების მცირე ბიზნესით არჩენენ. 

ხაშურსა და სურამში მცხოვრები ათობით ოჯახისთვის ეს შემოსავლის ძირითადი წყაროა, თუმცა მაგისტრალის მშენებლობის შემდეგ, საავტომობილი გზა მათ ამჟამინდელ თონეებს და მაღაზიებს გვერდს აუვლის. 

“ცენტრალური გზა რომ მიმართულებას შეიცვლის და სურამზე აღარ გაივლის, ეს ჩვენს ბიზნესზე ცუდად იმოქმედებს. აქ მცხოვრები მოსახლეობა ძირითადად ამ თონეებით ვირჩენთ თავს, სხვა სამსახური არ გვაქვს და ამის მერე საერთოდ შემოსავლის გარეშე დავრჩებით”, – გვითხრა დოდო ხარაზიშვილი. 

დოდო ერთ-ერთია, ვინც უკვე წლებია, თონეს ამუშავებს. მისთვის დასვენების დღე არ არსებობს, რადგან მიჩვეული მოხმარებლის დაკარგვა არ უნდა. 

“ქარია, წვიმაა, სიცივეა, მე მაინც აქ ვარ ვმუშაობ. მაგისტრალის მშენებლობა რომ დასრულდება, არ ვიცი, რა უნდა ვქნა. ვინ შემოვა აქ ნაზუქის საყიდლად?”.

იგივე საფიქრალი აქვს ელზა ტაბატაძესაც, რომელმაც საპენსიო ასაკის შესრულების შემდეგ, ანალოგიური ბიზნესი წამოიწყო – თონე გახსნა და ნაზუქების გამოცხობასთან ერთად, მურაბების დამზადებაც დაიწყო. 

“მინდოდა უფრო გამეფართოვებინა, მაგრამ გზა რომ გადადის თავი შევიკავე. სურამში ოჯახები დამოკიდებულები არიან ამ შემოსავალზე, გზას რომ გადაიტანენ გაგვიჭირდება. აქედან ვიღებთ ყოველდღიურ შემოსავალს, წამლისთვის, პურისთვის”, – აღნიშნავს ელზა ტაბატაძე.

მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც ასე აშინებს ადგილობრივ ბიზნესმენებს, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე დაიწყება და არსებულ გზას სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაურთდება.

“ხაშურის შემოვლითი გზა, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის ნაწილია და ორივე ლოტის დასრულების შემდეგ, გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა. ამ გზით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურთან ერთად, სურამსა და ჩუმათელეთს”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაგისტრალის მშენებლობის თანმდევ გამოწვევებს ხელისუფლება საკუთარი გეგმით პასუხობს – ხაშურის მერიის ინფორმაციით, სავაჭრო სივრცეები ახალი გზის მიმდებარედ მოეწყობა და ადგილობრივებს საკუთარი ნაწარმის გაყიდვა იქ შეეძლებათ. 

“მოეწყობა სპეციალური, უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები გამართული ინფრასტრუქტურით. იქნება ცვლილებები მათ ცხოვრებაში, მაგრამ ეს ისეთი ცვლილებაა, რომელიც მოიტანა დრომ, განვითარებამ და ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევაჩერებთ, მაგრამ ისინი, ვინც ამ ცვლილებებს ფეხს აუწყობენ, რა თქმა უნდა, ექნებათ საშუალება ბიზნესის წარმოება გააგრძელონ”, – განმარტავენ მერიაში.

ხელისუფლების ეს ხედვა იციან ადგილობრივებმაც, თუმცა წუხან, რომ ახალ სავაჭრო ადგილებზე გადასვლით დამატებითი ხარჯები დაემატებათ, როგორიცაა ფართის ქირა და ყოველდღიური ტრანსპორტირება. 

“ზემოთ ახალ გზაზე გადასვლა რთული იქნება, ყველა ვერ ივლის, მანქანები ყველას არ ჰყავს, რომ ამხელა გზა გაიაროს, ზოგს სახლის ეზოში აქვს პირდაპირ თონე და აბა, ის როგორ ავა ზემოთ გზაზე?”. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.