საკუთარ 2-წლიან საქმიანობაზე სასაუბროდ ქარელისა და ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა დღეს შეხვედრა ქარელში გამართა. ზაალ დუგლაძემ საკუთარ სიტყვით გამოსვლაში ბოლო წლების მდგომარეობა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ სირთულეების მიუხედავად, საქართველო ეკონომიკურად განვითარდა.
“ჩვენ ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს ყველაფერი არის ცენტრალური ხელისუფლების დამსახურება, მათი სწორი პოლიტიკა და მათი სწორი წინ სვლა” – აღნიშნა დუგლაძემ.
შეხვედრას, რომელსაც საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარება ერქვა, დიდწილად მისი თანაგუნდელები და საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მისი 2-წლიანი მუშაობის ანგარიში მაჟორიტარის ქარელის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე დუგლაძემ წარადგინა. როგორც აღმოჩნდა, დეპუტატმა საკუთარ საქმიანობებს შორის ის პროექტები და გადაწყვეტილებებიც ასახა, რომლებიც მაჟორიტარი-დეპუტატის კომპეტენციაში არ შედის. ერთ-ერთი ასეთი იყო ქარელის მერიის მიერ 60 000-ლარიანი ტატამის შეძენა.
“ქარელში სპორტდარბაზისთვის შეძენილი იქნა საერთაშორისო სტანდარტების ტატამი 60 ათასი ლარით.12 ლოკაციაზე მოეწყო ტრენაჟორები, 285 ათასი ლარის”, – აღნიშნა ბიუროს ხელმძღვანელმა ზაალ დუგლაძის 2-წლიანი ანგარიშის წარდგენისას.
ეკატერინე დუგლაძის თქმით, ზაალ დუგლაძის მჟორიტარობის პერიოდში მოხდა 3 სკოლის რეაბილიტაცია, რაზეც 5 342 000 ლარი დაიხარჯა.
“ქარელის 2022 წლის ბიუჯეტი 30 მილიონი იყო, საიდანაც 14 მილიონი ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაიხარჯა. ამჟამად 13 მილიონის პროექტები უკვე დასრულებულია, ხოლო დანარჩენზე გრძელდება სამუშაოები. სოფლის პროგრამების ფარგლებში დაფინანსდა 70 პროექტი, რომლის ღირებულებაც 940 ათასი ლარია”.
ბიუროს მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, მაჟორიტარი-დეპუტატის საქმიანობის შედეგია, სოფლამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, სკვერების და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა, მინი სტადიონების მშენებლობა და ქარელში მუნიციპალური საცურაო აუზის გახსნაც.
“მარტო გასულ წელს მოხდა 8 კმ. გზის დაგება, რომლის ღირებულებაც 6 მილიონ 500 ათასი ლარია. ასევე მოეწყო სკვერები და დასასვენებელი სივრცეები, ჯამში 520 ათასი ლარის. სარწყავი და სანიაღვრე არხების მოწყობაში 619 ათასი ლარი დაიხარჯა, რაიონში მოეწყო 6 მინი სტადიონი 203 ათასი ლარის, რეაბილიტირდა 5 სტადიონი 102 ათასი ლარით”, – განაცხადა ეკატერინე დუგლაძემ.
მისივე თქმით, მაჟორიტარი დეპუტატი არ განსხვავდება პროპორციული სიით გასული დეპუტატისგან, თუმცა მაჟორიტარს ამომრჩევლის წინაშე თავისი პასუხისმგებლობა აქვს.
“მოგეხსენებათ, რომ მაჟორიტარი დეპუტატი არ განსხვავდება პროპორციული სიით გასული დეპუტატისგან, თუმცა მაჟორიტარს აქვს თავისი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე. ამიტომ ზაალ დუგლაძე კანონშემოქმედებითი საქმიანობის გარდა, თავის დარჩენილ დროს რეგიონებში ანაწილებს, ერთად მუშაობის შედეგი კი სახეზე გვაქვს”, – განაცხადა ეკატერინე დუგლაძემ.
ინფორმაციისთვის, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ზაალ დუგლაძემ საკუთარი მაჟორიტარი-დეპუტატობის პერიოდში განხორციელებული სამუშაოების ანგარიშის წარსადგენად შეხვედრა გამართა.