მარიამ ესტაფიშვილი ნაფიცი მსჯაულების ვერდიქტის მოლოდინში – 70 წელს გადაცილებული ქალი, რომელმაც 33 წლის მამაკაცს თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, განსასჯელის სკამზეა.
როგორი იქნება ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი, ცოტა ხანში უნდა გახდეს ცნობილი, დასკვნითი პროცესი გორის სასამართლოში დაიწყო.
პროცესის დაწყებამდე კომენტარი გარდაცვლილი ლევან გვიმრაძის ოჯახის წევრებმა გააკეთეს. ისინი ითხოვენ, რომ მარიამ ესტაფიშვილი მკაცრად დაისაჯოს, რადგან ის ჩადენილ დანაშაულს მათი შეფასებით არ ნანობს.
“მოლოდინი გვაქვს, რომ ნაფიცი მსაჯულები მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას და შესაბამის განაჩენს გამოუტანენ დამნაშავეს. ჩვენ დაზარალებული მხარე ვართ და იმაზეც კი დავთანხმდით, რომ მინიმალური სასჯელი მოეხადა, რადგან მეზობელია და დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებდა, მაგრამ მისი მხირდან ერთი ბოდიშის ან სინანულის გამომხატველი სიტყვა არ მოგვისმენია”, – ამბობს გარდაცვლილი მამაკაცის და, მაკა გვიმრაძე.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში, სოფელ კარბში, სარწყავი წყლის გამო, მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა. გამოძიების ინფორმაციით, 70 წელს გადაცილებულმა ქალმა ბლაგვი საგნით დაზიანება 33 წლის მამაკაცს მიაყენა, რომელიც მოგვიანებით “გორმედში” გარდაიცვალა.