სტატიები

წახალისება მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის – “ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის” მიდგომა

მოსწავლეთა და მასწავლებელთა გააქტიურების და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, “ამერიკის უნიერსიტეტის სკოლამ” ინიციატივა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც მცირე საგანმანათლებლო პროექტებს აფინანსებს და გამორჩეულ მოსწავლეებს აჯილდოვებს.


გორისა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლების მოსწავლეები დოკუმენტურ ფილმებს ერთად ნახავენ. ამ გზით, ადამიანის უფლებების სწავლის საშუალებას მოსწავლეებს “ამერიკის სკოლის უნივერსიტეტის” მასწავლებლის, სუზი ბერიძის პროექტი “სინედოკი შენთან” აძლევს. 

პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსები სამოქალაქო განათლების მასწავლებელს სკოლის ადმინისტრაციამ გამოუყო. როგორც “მოზაიკას” უთხრეს, ეს სკოლის ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც გრანტები გაიცემა. 

“დღეს ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის შიდა საგრანტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამოავლინა გამარჯვებული პროექტი -“სინედოკი შენთან”. პროექტის ავტორი გახლავთ ქალბატონი სუზი ბერიძე სუზი ბერიძე. ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას და პროექტის წარმატების განხორცილებას ვუსურვებთ”, – ვკითხულობთ სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

“პროექტი “სინედოკი შენთან” ადამიანის უფლებების შესწავლის და არაფორმალური განათლების გაძლიერების მიზნით განხორციელდება.

“პროექტი გულისხმობს დოკუმენტური ფილმების დანერგვას საგანმანათლებლო პროცესში. ჩვენი მოსწავლეები იმოგზაურებენ შერჩეულ სკოლებში და საფუძველს ჩაუყრიან სკოლათაშორის მეგობრობას”, – გვითხრა ბერიძემ.

“ამერიკის უნივერსიტეტის სკოლას” მასწავლებლებთან ერთად, წახალისების მექანიზმი მოსწავლეებისთვისაც აქვს შექმნილი. ერთ-ერთი ასეთია, წლის გამორჩეული მოსწავლის დასახელება. 

“ყველა ვთანხმდებით, რომ 2022 წლის ბოლოს, ის მოსწავლე, ვინც სკოლა ყველაზე მეტად ასახელა არის ჯული ვაშაყმაძე. ამიტომ სკოლის ჯილდო და ფასიანი საჩუქარიც მას ეკუთვნის. ეს არის მოსწავლე, რომელიც თითქმის ყველა რეიტინგში უმაღლეს ქულებს იღებს. ეს არის გოგონა, რომელიც სწავლის გარდა მეგობრობის საუკეთესო თვისებებითაც გამოირჩევა. სწორედ ამიტომ გახდა ის წელს სკოლის პრიზიორი”, – ამბობს სკოლის ადმინისტრაცია. 

ინფორმაციისთვის, ჯული ვაშაყმაძე კინგსის ოლიმპიადის ორგზის გამარჯვებულია, ქართულსა და ინგლისურ ენებში. 

სკოლის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ამგვარ წახალისებებს მუდმივ პროცესად აქცევს.

“იმისთვის, რომ წახალისება მუდმივი პროცესი იყოს და ხელი შევუწყოთ არაფორმალური განათლების განვითარებას, სკოლა აცხადებს შიდა გრანტს – საუკეთესო პროექტის წარდგენისათვის. გრანტის წარდგენის უფლება აქვს სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს. საუკეთესო პროექტი დაჯილდოვდება 500 ლარით. გისურვებთ წარმატებებს”. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.